თოყაევმა ყაზახური ნავთობის მთავარ საექსპორტო რგოლად ტრანსკასპიური მარშრუტი დაასახელა

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (Trans-Caspian International Transport Route-TITR) მთავარი დამაკავშირებელი რგოლი გახდება, რომელიც ყაზახეთის სატრანზიტო და საექსპორტო შესაძლებლობების უფრო სრულყოფილ რეალიზაციას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა საზოგადოებრივ შტაბში თავისი წინასაარჩევნო პროგრამის წარდგენის დროს განაცხადა, რასაც „ინტერფაქს-აზერბაიჯანი“ ავრცელებს.

პრეზიდენტის თქმით, მთავრობა საზღვაო პორტებსა და გადამზიდავ ფლოტს გააძლიერებს, ასევე, კასპიის ზღვაზე საკონტეინერო ჰაბს შექმნის. გადამუშავების მოცულობა წელიწადში 21 მილიონ ტონამდე გაიზრდება, რომ შიდა ბაზარი ნავთობპროდუქტების ძირითადი სახეობებით იყოს გაჯერებული.

„ნავთობწარმოების გაზრდის პარალელურად, ჩვენ ნახშირწყალბადის ნედლეულის ექსპორტისთვის დერეფნების დივერსიფიცირებას მოვახდენთ,“ - ხაზგასმით აცხადებს თოყაევი.

გარდა ამისა, პრეზიდენტის თქმით, გაზის გადამამუშავებელი ახალი ქარხნები ამოქმედდება და სარეალიზაციო გაზის წარმოება 30 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. ქვეყანაში გაზიფიცირების 60%-იანი დონე დაკმაყოფილდება. ამასთან, გაგრძელდება ისეთი ენერგეტიკული სისტემის შექმნა, რომელიც ხალხისა და მრეწველობის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

თოყაევი პირობას დებს, რომ ნახშირწყალბადების წარმოების დივერსიფიკაციასა და ქვეყნის რეგიონების გაზიფიკაციას უზრუნველყოფს. სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ალტერნატიული ენერგია დინამიურად განვითარდება და განახლებადი ენერგიის წარმოების მოცულობა 1,5-ჯერ გაიზრდება. მისი თქმით, მთავრობა 3,7 გიგავატი ელექტროგენერირების სიმძლავრეებისა და თბოელექტროსადგურების მოდერნიზებასა და აშენებას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ თოყაევის ამ განცხადებამდე ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით ყაზახური ნავთობის ექსპორტზე ორშაბათს ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრი, ბოლატ აკჩულაკოვიც საუბრობდა. მისი თქმით, მთავრობა ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის TITR-ს 2024 წლიდან გამოიყენებს, როცა ქვეყანაში ნავთობმოპოვება გაიზრდება. საქმე ისაა, რომ 2024 წლის შუა რიცხვებიდან თენგიზის საბადოზე, სამომავალო გაფართოების პროექტის ფარგლებში, ნავთობმოპოვების 12 მილიონი ტონით ზრდა არის მოსალოდნელი, რომლის გარკვეულ ნაწილს მთავრობა კასპიის ზღვის ე.წ. დივერსიფიცირებული მარშრუტებისთვის გამოიყენებს. მანამდე ბოლატ აკჩილაკოვი აუცილებელ პირობად მიიჩნევს, დაიწყოს დისკუსია, არიან თუ არა მზად მხარები მილსადენების სისტემაში ნავთობის ასეთი მოცულობის მისაღებად.

TITR საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოს ტერიტორიაზე, შემდეგ კი თურქეთსა და ევროპის ქვეყნებზე გადის. ექსპლუატაციაში შესული ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაც ამ დერეფნის ნაწილია.

ამჟამად ყაზახური ნავთობის ძირითადი საექსპორტო მარშრუტი კასპიის მილსადენის კონსორციუმია, რომლითაც გადაქაჩულ მოცულობაში მისი წილი 80%-ზე მეტია. ამ მილსადენის სიმძლავრე წელიწადში 67 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ თოყაევმა „ყაზმუნაიგაზს“ ჯერ კიდევ ივლისში დაავალა, რომ ყაზახური ნავთობის მარაგების დივერსიფიკაციის მიზნით, ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის განხორციელების საუკეთესო ვარიანტები შეემუშავებინა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ