უკრაინელ უმუშევრებს ქვეყნის „აღდგენის არმიაში“ ასაქმებენ

ოფიციალური კიევი ე.წ.უკრაინის აღდგენის არმიაში უმუშევართა ჩართულობის გააქტიურებას აპირებს. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ საოლქო და კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარეებთან შეხვედრის დროს განაცხადა. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებას პორტალი „გორდონი“ ავრცელებს.

იულია სვირიდენკოს შეფასებით, დღეს ქვეყანას ორი ჯარი ჰყავს: ერთი ფრონტზე ქვეყანას იცავს, მეორე კი მის აღსადგენად მუშაობს. მინისტრის თქმით, ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით უმუშევრად დარჩნენ, შეუძლიათ, „ქვეყნის აღდგენის არმიას“ შეურთდნენ, ხოლო სახელმწიფო მათ შრომას მინიმალური ხელფასის დონეზე აუნაზღაურებს, რაც ოქტომბრიდან 6700 გრივნას (181,40 დოლარს) შეადგენს. ეს ოდენობა, უწყების ცნობით, „უმეტეს შემთხვევაში უმუშევრობის შემწეობაზე მაღალია.“

ვიცე-პრემიერის თქმით, ომის გამო წლის ბოლომდე ქვეყანაში უმუშევრობა 30%-მდე გაიზრდება, რაც „სახელმწიფოსთვის სერიოზული გამოწვევაა,“ ამიტომ მთავრობამ შეიმუშავა და წარადგინა მექანიზმი, რომლითაც დროებით უმუშევრები შესაძლოა, სოციალურად სასარგებლო და რეგიონებისთვის საჭირო სამუშაოებით დაკავდნენ.

სამინისტროში აცხადებენ, რომ სამუშაოებში ჩაერთვება ყველა ქმედუნარიანი პირი, კერძოდ, რეგისტრირებული უმუშევრები და იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვთ. სამუშაოს მონაწილეებთან ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები დაიდება.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დღეისთვის სოციალურად სასარგებლო სამუშაოები სუმისა და ჩერნიგოვის ოლქებში უკვე მიმდინარეობს. სუმის ოლქის 26 ტერიტორიული თემიდან ასეთი სამუშაოები 18-ში სრულდება, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს. დასაქმებულია 400-მდე უმუშევარი, ჩერნიგოვის ოლქში კი აღდგენით სამუშაოებში 78 უმუშევარი მონაწილეობს.

24 ოქტომბრის მდგომარეობით, უკრაინაში ოფიციალურად 254 000 უმუშევარი არის დარეგისტრირებული, რომელთა შორის 35% მამაკაცი, 65% კი ქალია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ