დევნილთა სააგენტო - უკრაინელთა სოციალური დახმარება და ბინით უზრუნველყოფა 1 800 000 ლარით, ხოლო მათი დროებითი საცხოვრებელი 200 000 ლარით დაფინანსდა

დევნილთა სააგენტოს ინფორმაცით, 15 ივლისის შემდეგ, დაახლოებით 1 800 000 ლარით დაფინანსდა უკრაინელთა სოციალური დახმარება და ბინით უზრუნველყოფა, ხოლო 200 000 ლარით დაფინანსდა მათი დროებითი საცხოვრებელი.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაახლოებით 800 000 ლარს შეადგენს უკრაინელთათვის გაწეული სამედიცინო სერვისები.

„უკრაინის მოქალაქე და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე ყველა პირი, რომელიც აკმაყოფილებს 15 ივლისის მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და მოგვმართა დახმარების მოთხოვნით, დაკმაყოფილებულია. პროგრამის განხორციელების პროცესში არანაირი შეფერხება არ არსებობს და დღეის მდგომარეობით, 2064 ოჯახს (4050 პირს) დახმარება უკვე გაეწია.

15 ივლისის შემდეგ, დაახლოებით 1 800 000 ლარით დაფინანსდა უკრაინელთა სოციალური დახმარება და ბინით უზრუნველყოფა, 200 000 ლარით დაფინანსდა მათი დროებითი საცხოვრებელი, ხოლო დაახლოებით 800 000 ლარით მათთვის გაწეული სამედიცინო სერვისები.

ამასთან, 2022 წლის 25 ოქტომბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე 6 თვის ვადით გახანგრძლივდა უკრაინის მოქალაქეთა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირთათვის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა.

სახელმწიფო პროგრამის პარალელურად, დევნილთა სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უკრაინის მოქალაქეების დახმარების პროცესი კოორდინირებულ რეჟიმში მიმდინარეობს. სააგენტო, ასევე, შუამდგომლობს იმ მოქალაქეებთან, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მაგრამ შესაძლებლობა აქვთ ისეთ ორგანიზაციებს მიმართონ, როგორებიცაა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობა საქართველოში (UNHCR), World Vision საქართველო, ASB საქართველო და ქეა კავკასია, რომლებიც ასევე ფინანსურ დახმარებას უწევენ მათ.

გამოქვეყნებულ წერილში მითითებული პიროვნებებიდან, სააგენტოს მხრიდან ფინანსური დახმარება სრულად მიღებული აქვს უკრაინის 10 მოქალაქეს, რომლებიც მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. სააგენტოს ყოველდღიური კავშირი აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათი მხრიდანაც დასტურდება, რომ უკრაინელი ლტოლვილების დახმარების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.