მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, გუდაურსა და ბაკურიანში ვიზიტორთა მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა

წლევანდელ სეზონზე გუდაურსა და ბაკურიანში ვიზიტორთა მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, - ამის შესახებ მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გუდაურში ვიზიტორთა რაოდენობა - 40%-ით, ბაკურიანში კი 20%-ით გაიზარდა, ასევე, 20%-ით არის გაზრდილი მრავალდღიანი საშვების გაყიდვის მაჩვენებელიც. როგორც ალექსანდრე ონოფრიშვილმა აღნიშნა, 2014 წლის ზამთრის სეზონზე ვიზიტორთა ზრდის რაოდენობა გუდაურსა და ბაკურიანში სკიდატას უკონტაქტო გამშვები პუნქტების მონაცემების დათვლისა და მრავალდღიანი საშვების გაყიდვის რაოდენობის შეჯამების შედეგად დადგინდა.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა ორივე კურორტზე ხელოვნური გათოვლიანების სისტემის დამონტაჟებაზე, კურორტზე არსებული მიწის ნაკვეთების მონაცემთა ბაზის შექმნასა და "სნოუპარკის" მშენებლობაზე, ასევე, ორივე კურორტზე ახლადშექმნილი სასრიალო გზების, კვების ობიექტებისა და ახალი საინფორმაციო ელექტრონული დაფების შესახებ. პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ ზამთრის კურორტებს უკაბელო ინტერნეტის წერტილები დაემატა, დიდველზე ღამის განათება დამონტაჟდა, აშენდა ბავშვთა გასართობი პარკი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფუნიკულიორს, კინოთეატრს და დიდველი თანამედროვე 3D აპარატურით აღიჭურვა.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის სამომავლო გეგმებს შორის ონოფრიშვილმა გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მეორე ფაზის განხორციელება, ხელოვნური წყლის რეზერვუარის მშენებლობა, 2100 მეტრიანი 6 ადგილიანი სავარძლის ტიპის საბაგიროს (ტატრა) მშენებლობა და ველოპარკის მოწყობა დაასახელა. რაც შეეხება ბაკურიანს, მთის კურორტების განვითარების კომპანია კოხტის ისტორიული საბაგირო ხაზის მშენებლობას და ხელოვნური გათოვლიანებისთვის წყლის რეზერვუარის შექმნას გეგმავს. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კოხტაზე დამონტაჟდება 6 ადგილიანი სავარძლის ტიპის საბაგირო, ასევე იგეგმება მიტარბზე 6 ადგილიანი და 4 ადგილიანი სავარძლის ტიპის საბაგიროსა და ბიგელის დამონტაჟება. ონოფრიშვილის განცხადებით, ბაკურიანში იწყება ტობოგანის, ასევე ველოპარკის მშენებლობა და ბიატლონის ტრასის პროექტირება.