ლეჩხუმში რთველი გრძელდება

27 ოქტომბრის მდგომარეობით, ცაგერის მუნიციპალიტეტში ღვინის კომპანიების მიერ 134 ტონამდე ყურძენია მიღებული.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსახლეობა ღვინის კომპანიებს ყურძენს შეფერხების გარეშე აბარებს.

„27 ოქტომბრის მდგომარეობით, ღვინის კომპანიების მიერ მიღებულია 134 ტონამდე ყურძენი. წინასწარი პროგნოზით, მიმდინარე წელს, ცაგერის რაიონში 700 ტონამდე ყურძნის მოსავალს მიიღებენ.

ადგილობრივი მოსახლეობისგან ყურძენს, ამ ეტაპზე, ღვინის 12 საწარმო იბარებს. ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმღები პუნქტი 10 ლოკაციაზეა გახსნილი.

2022 წლის რთველი წარმატებით სრულდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყურძნის მოსავალი, ფაქტობრივად, დაბინავებულია. ამ ეტაპისთვის, ქვეყნის მასშტაბით, 246 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა. რთველი დასრულებულია რაჭის რეგიონშიც, სადაც 1570 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის მოსავალია გადამუშავებული.

სახელმწიფოს დაპირება, რომ რთველი ჩაივლიდა ორგანიზებულად და ყველა მევენახე შეძლებდა მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებას, შესრულებულია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.