ირაკლი ღარიბაშვილი: მოგიწოდებთ ბიზნესმენებო, ჩაებათ მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ახალ პროექტში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესმენებს სასურველი ბიზნესპროექტების განხორციელებისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ახალციხეში პროექტ "ძლიერი რეგიონი, ძლიერი საქართველოსთვის" პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელსაც ბიზნესმენებიც ესწრებოდნენ. "მინდა გითხრათ, რომ არჩევანი საკმარისად დიდია. მთავრობა, ადგილობრივი ხელისუფლება გვერდში დაგიდგებათ ამ საქმეში და ყოველმხრივ შეგიწყობთ ხელს, რომ თქვენი ბიზნესი იყოს წარმატებული. დარწმუნებული ვარ, ამით მოიგებს თქვენი ბიზნესიც და სახელმწიფოც, და ჩვენი ხალხი ბოლოს და ბოლოს რეალურად იგრძნობს ეკონომიკური წინსვლის შედეგებს. თქვენ კარგად იცით, რა პირობებში უწევდა ცხოვრება რეგიონის მოსახლეობას. ყველა რეგიონში არის წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები, არასაკმარისი ყურადღება ეთმობოდა ამ პრობლემების გადაჭრას, ისეთი, როგორიც არის გზა, წყალი", - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

მისი თქმით, წლების განმავლობაში იხატებოდა აღმშენებლობის სურათი, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი ძირითადად ფასადური ცვლილებები იყო. "ჩვენ გვინდა ამ რეალობის შეცვლა, ჩვენ რეალური საქმე გვჭირდება - ნამდვილად აღდგენილი ისტორიული ძეგლები, ნამდვილად ამუშავებული თუნდაც მცირე საწარმოები, განვითარებული ქალაქები, რაიონები და ამ რთულ ეტაპზე თქვენი - ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ბიზნესმენებო, ჩაებათ მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ამ ახალ პროექტში, შეიტანოთ წვლილი რეგიონის გაძლიერებაში, რაც არის წინაპირობა ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერების. მე მჯერა თქვენი პატრიოტიზმის, თქვენი შესაძლებლობების და მჯერა, გექნებათ უამრავი ინიციატივა, რომელსაც განახორციელებთ რეგიონებში. ჩვენ მაქსიმალურად გვერდით დაგიდგებით, იქნება ეს ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემა, გზა, წყალი, ინფრასტრუქტურა, მაქსიმალური ხელშეწყობა, თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე", - განაცხადა პრემიერმა.