რა დარღვევების გამო დაჯარიმდა თბილისში 4 სამშენებლო ობიექტი

თბილისში დღეში 60-70-მდე ობიექტი მოწმდება. ამის შესახებ თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა ლაშა მაჭავარიანმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო შემოწმებისას გამოვლინდა 4 სამშენებლო ობიექტი, რომელთაც გარკვეულ დარღვევებზე უკვე მიცემული ჰქონდათ გაფრთხილება, თუმცა მისი გამოსწორება არ მოხდა, შესაბამისად, თითოეული მათგანი 30 ათასი ლარის ოდენობით დაჯარიმდა.

როგორც ლაშა მაჭავარიანმა განმარტა, დარღვევები იყო შემდეგი სახის: უსაფრთხოების ბადის არქონა, ღობეების შესაბამისად არმოწყობა და შიდა სამუშაოების ისე არწარმართვა, როგორც მათ პროექტით ჰქონდათ დადგენილი.

„ჩვენ ყოველდღიურად ვახორციელებთ მონიტორინგს. დღეში მოწმდება 60-დან 70-მდე ობიექტი. ეს 4 ობიექტი იყო ბოლო, რომელიც დაჯარიმდა. ყველა მათგანს ჰქონდა სტანდარტული დარღვევები, ეს არის უსაფრთხოების ბადის არქონა, ღობეების შესაბამისად არმოწყობა, შიდა სამუშაოების ისე არწარმართვა, როგორც მათ პროექტში აქვთ დადგენილი.

ეს არის მთელი პროცესი, როდესაც ობიექტის საქმიანობის შეჩერება ხდება, ჯარიმა ეგრევე არ იწერება, იქ ხდება კვლევების წარმოდგენა, სხვადასხვა დარღვევების აღმოფხვრა. თუ ეს მოხდა გონივრულ ვადაში, ჩვენ ვრთავთ ნებას, რომ გააგრძელონ პროცესები, მაგრამ თუ ეს სისტემატიურ სახეს იღებს და არ ემორჩილება ჩვენს მითითებებს, ამ შემთხვევაში უკვე (ეს არ არის პრევენცია, მაგრამ...), იძულებული ვართ დავწეროთ ჯარიმა. ბოლო ორ დღეში 4 ობიექტზე დაიწერა ჯარიმა 30-30 ათას ლარიანი, ჯამში, შეადგინა 120 ათას ლარამდე“,- განაცხადა ლაშა მაჭავარიანმა.

ნინი ქეთელაური