ყაზახური ურანი ფოთის პორტშია - „ყაზატომპრომი“ პროდუქტის ტრანსპორტირებისთვის გემებს ეძებს

ყაზახეთის ეროვნული ბირთვული კომპანია, „ყაზატომპრომი“ საქართველოზე გამავალ ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს (TITR) მომხმარებლებისთვის პროდუქციის მიწოდების ალტერნატიულ მარშრუტად განიხილავს. კომპანიის კუთვნილი ტვირთი ამჟამად ფოთის პორტში იმყოფება. ამის შესახებ „ყაზატომპრომის“ განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც Trend ავრცელებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ტრანსკაპიური მარშრუტით ურანის პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის შავ ზღვაში გემების დაქირავება არის საჭირო, რადგან ამ მარშრუტზე მომუშავე კომერციული გადამზიდავი კომპანიები არ არსებობენ. ამდენად, „ყაზატომპრომის“ ცნობით, დაქირავებული გემების გამოყენების ეკონომიკური ეფექტურობის გასაზრდელად მასალის კონსოლიდირება ფოთის პორტში ხდება.

ამჟამად „ყაზატომპრომის“ პროდუქციის გარკვეული მოცულობა ტრანსკასპიური მარშრუტით დასავლეთის ბაზრებზე ტრანზიტის პროცესშია. კომპანიის კუთვნილი ტვირთი ფოთის პორტში უპრობლემოდ ჩავიდა. ტვირთი ამჟამად დამატებითი მასალის ჩასვლას ელოდება, რომ მოხდეს კონსოლიდირება და შემდეგ დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირებისთვის გემზე ჩაიტვირთოს.

განცხადების მიხედვით, „კომპანია ტრანსკასპიურ ალტერნატიულ მარშრუტს 2018 წლიდან წარმატებით იყენებს, რომელიც რუსეთზე გამავალი ძირითადი მარშრუტის რაიმე მიზეზით ხელმიუწვდომლობის რისკებს ამცირებს.“ კომპანიის ცნობით, მე-7 კლასის ბირთვული მასალების ტრანსპორტირებისთვის „ყაზატომპრომს,“ როგორც წესი, სატრანზიტო ქვეყნების უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების ნებართვა სჭირდება.

„ყაზატომპრომს“ ტრანსკასპიური მარშრუტით ყაზახეთის მაღაროებიდან 3500 ტონამდე ოდენობის ურანის ტრანზიტის ნებართვა აქვს, თუმცა კომპანია ამ კვოტის გასაზრდელად მუშაობას განაგრძობს. ამასთან, კომპანია ერთობლივ საწარმოებში თავის პარტნიორებს ტრანსკასპიური მარშრუტის გასწვრივ მზა პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის ნებართვის აღებაში ეხმარება. ეს მაშინ ხდება საჭირო, როცა პარტნიორები პროდუქციის წილს სანქტ-პეტერბურგის პორტზე გამავალი რეგულარული მარშრუტით კი არა, ტრანსკასპიური საერთაშორისო მაგისტრალით იღებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „ყაზატომპრომი“ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ვითარების მონიტორინგს განაგრძობს და რუსეთის გავლით მზა პროდუქციის ტრანსპორტირებაზე მათ პოტენციურ გავლენას სწავლობს.

„ყაზატომპრომი“ ყაზახეთის ეროვნული ბირთვული კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში ბუნებრივი ურანის უმსხვილესი მწარმოებელია. „ყაზატომპრომი“ ურანს მხოლოდ ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოიპოვებს და სექტორში ურანის უდიდესი სარეზერვო ბაზა აქვს, რომელიც 295 000 ტონას შეადგენს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ