„ყოველდღიურად უკანონო გარევაჭრობის 100-ზე მეტი ფაქტის აღკვეთა ხდება“

„ყოველდღიურად უკანონო გარევაჭრობის 100-ზე მეტი ფაქტის აღკვეთა ხდება“ , - ამის შესახებ თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა ლაშა მაჭავარიანმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

„ჩვენი სამსახური 24-საათიან რეჟიმში მუშაობს აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად. ჩვენ ვესაუბრებით არა მარტო გარემოვაჭრეებს, არამედ, კერძო თუ სახელმწიფო დაწესებულებებს, რომლებიც წარმოადგენენ ორგანიზებულ, ოფიციალურ, სავაჭრო ცენტრებს და ყველა გარემოვაჭრეს აქვს საშუალება, რომ შევიდეს და ივაჭროს.

საბედნიეროდ, ბევრი გვთანხმდება, მაგრამ ბევრიც არ გვთანხმდება და აგრძელებს აღნიშნულ საქმიანობას. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვყავს ლოკალური ჯგუფები, რომლებიც თითქმის, 24 საათის განმავლობაში განთავსებული არიან სხვადასხვა ობიექტებზე, ასევე გვყავს ქვეითი ჯგუფები, რომლებიც ქალაქის მასშტაბით მოძრაობენ. გარდა ამისა, გვყავს მობილური ჯგუფები, რომლებიც თუ მოქალაქისგან შემოვიდა განცხადება ან ჩვენ თვითონ დავაფიქსირეთ სადღაც უკანონო გარევაჭრობა, იქ ადგილზე ახდენენ რეაგირებას.

თუ გარემოვაჭრე გვემორჩილება და დაუყოვნებლივ ალაგებს პროდუქციას, ჩვენ ხელს ვუწყობთ და პირდაპირ არ ვაჯარიმებთ, ამბობს, რომ არ იცოდა და აღნიშნულს აღარ გაიმეორებს. მაგრამ, თუ არის განმეორებითი ან პრობლემური დარღვევები, ჩვენ რა თქმა უნდა, შესაბამის აქტს ვადგენთ, ეს ფაქტი ფიქსირდება სამხრე კამერით და იწერება ჯარიმა.

ყოველდღიურად უკანონო გარევაჭრობის 100-ზე მეტი ფაქტის აღკვეთა ხდება“,- განაცხადა ლაშა მაჭავარიანმა.

ნინი ქეთელაური