„არის აქტივობები, რომელთა დაბეგვრაც ბიუჯეტს არ აძლევს რაიმე ისეთ ხეირს, რომ  სდიო ასეთ საქმიანობას“ - ცომაია ჩრდილოვან ეკონომიკაზე

„არის აქტივობები, რომელთა დაბეგვრა არ აძლევს ბიუჯეტს რაიმე ისეთ ხეირს, რომ სდიო ასეთ საქმიანობას,“ - ამის შესახებ ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის მოცულობაზე საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ „ბიზნესპრესნიუსის“ მიერ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოთხოვილი მონაცემებით, ირკვევა, რომ 2021 წელს ქვეყნის ეკონომიკის 15.3% ჩრდილში იყო მოქცეული.

„ჩრდილოვანი ეკონომიკა არის ყველა ქვეყანაში. არის აქტივობები, ეკონომიკური საქმიანობები, რომელთა დაბეგვრა არ აძლევს ბიუჯეტს რაიმე ისეთ ხეირს, რომ სდიო ასეთ საქმიანობას და დააჯარიმო ის ადამიანები, ვინც მსგავს ეკონომიკურ აქტივობას ახორციელებენ. ასეთი სექტორები არის ბევრი.

შესაბამისად, თუ გვსურს, რომ მონაცემები უფრო გამჭვირვალე იყოს და სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმაც უკეთ აღრიცხოს/დაითვალოს, თუ რამდენია საქართველოს ეკონომიკა, სჯობს ეს საქმიანობები ყველანაირი ბეგარისგან, გადასახადისგან იყოს გათავისუფლებული. შედეგად, ადამიანები გამჭვირვალედ მოახდენენ ამ ტიპის საქმიანობის დეკლარირებას და ეკონომიკის რეალური სურათიც უფრო კარგად გამოჩნდება,“- განაცხადა ცომაიამ.

თაია არდოტელი