ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს მზად ვართ, დავიწყოთ რეგიონების განვითარება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რეგიონების სტრატეგიული და ეკონომიკური განვითარების ახალი პროგრამა არის ძალიან საინტერესო, რადგან მთავარი ყურადღება რეგიონების განვითარებაზეა გადატანილი.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა სამცხე-ჯავახეთში განუცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ მისი დავალებით რამდენიმე სამინისტრო ამ პროგრამაზე თვეების განმავლობაში მუშაობდა. "ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ რეგიონებში არსებული პოტენციალი, იქ არსებული რესურსები, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და მიგვაჩნია, რომ დღეს მზად ვართ, დავიწყოთ რეალურად რეგიონების განვითარება. ეს არის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონის გაძლიერებას, რაც განაპირობებს ქვეყნის გაძლიერებას. იმედი მაქვს, ჩაერთვებიან ბიზნესმენები. მზად ვართ, ნებისმიერი სახის მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ მათ, თანადაფინანსება, ქონების გადაცემა სიმბოლურ ფასად და ა.შ.", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს გამოიკვეთა, რომ ადგილზე არიან მეწარმეები, ფერმერები, მაგრამ არ აქვთ განვითარების საშუალება და ამაში დაეხმარებიან. "ბევრი საწარმოა დაკეტილი, რომელთა აღდგენა შეიძლება. გამოიკვეთა, რომ კარტოფილი შემოგვაქვს ქვეყანაში, რაც სირცხვილია. ჩვენ უნდა ვაწარმოებდეთ ქართულ პროდუქციას. ჩვენი ამოცანაა, რეგიონი გავაძლიეროთ და იმპორტირებული დაბალი ხარისხის პროდუქცია ჩავანაცვლოთ ადგილობრივი წარმოებით, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება განვავითაროთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.