ტრანსკასპიური მარშრუტი ყაზახურ ობიექტივში - ტვირთების გადაზიდვის მოცულობა იზრდება

ყაზახეთის პრეზიდენტმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მიმდინარე კვირას ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე არაერთი განცხადება გააკეთა. ბოლო შეხვედრა, სადაც პრეზიდენტმა ტრანსკასპიურ მარშრუტს „ევრაზიის ბაზრების ახალი შესაძლებლობა“ უწოდა, დსთ-ის მთავრობის მეთაურთა საბჭოს წევრებმა გამართეს.

პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავის გამოსვლაში ტოკაევი ტრანზიტისა და სატრანსპორტო პოტენციალის განვითარებას შეეხო და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის პერსპექტივას ხაზი გაუსვა.

„ეს თემა სულ უფრო აქტუალური ხდება. მე მჯერა, რომ დსთ-ის წევრი ქვეყნები ერთად იმუშავებენ არსებული პოტენციალის განვითარებისთვის, რომ ირანზე, სპარსეთის ყურესა და ინდოეთზე გასვლით ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებით ვაჭრობა განვითარდეს,“ - აცხადებს ტოკაევი.

ამასთან, წინა დღეს ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის შესაძლებლობები ყაზახეთის პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრაზე განიხილა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპული საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. ასტანაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ მიშელთან შეხვედრაზე, არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების გაფართოებაზე ისაუბრეს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ გლობალური წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვების გასაადვილებლად ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის როლი უნდა გაიზარდოს.

აღსანიშნავია, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, როგორც ქვეყნის ნედლეულის ექსპორტის ალტერნატიული მიმართულება, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის წინასაარჩევნო პროგრამაშიც არის შეტანილი. მიმდინარე კვირას პრეზიდენტმა ეს პროგრამა თავის საზოგადოებრივ შტაბში წარადგინა და განაცხადა, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი მთავარი დამაკავშირებელი რგოლი გახდება, რომელიც ყაზახეთის სატრანზიტო და საექსპორტო შესაძლებლობების უფრო სრულყოფილ რეალიზაციას შეუწყობს ხელს.

ტოკაევის ამ განცხადებამდე ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით ყაზახური ნავთობის ექსპორტზე ორშაბათს ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრი, ბოლატ აკჩულაკოვიც საუბრობდა. მისი თქმით, მთავრობა ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის ამ მარშრუტს 2024 წლიდან გამოიყენებს, როცა ქვეყანაში ნავთობმოპოვება გაიზრდება. საქმე ისაა, რომ 2024 წლის შუა რიცხვებიდან თენგიზის საბადოზე, სამომავალო გაფართოების პროექტის ფარგლებში, ნავთობმოპოვების 12 მილიონი ტონით ზრდა არის მოსალოდნელი, რომლის გარკვეულ ნაწილს მთავრობა კასპიის ზღვის ე.წ. დივერსიფიცირებული მარშრუტებისთვის გამოიყენებს. მანამდე ბოლატ აკჩილაკოვი აუცილებელ პირობად მიიჩნევს, დაიწყოს დისკუსია, არიან თუ არა მზად მხარები მილსადენების სისტემაში ნავთობის ასეთი მოცულობის მისაღებად.

ასევე, ცნობილი ხდება, რომ ფოთის პორტში ყაზახეთის ეროვნული ბირთვული კომპანია „ყაზატომპრომის“ კუთვნილი ტვირთი იმყოფება. კომპანიის პროდუქციის გარკვეული მოცულობა ტრანსკასპიური მარშრუტით დასავლეთის ბაზრებზე ტრანზიტის პროცესშია. თავის ოფიციალურ განცხადებაში „ყაზატომპრომი“ საქართველოზე გამავალ ტრანსკასპიურ დერეფანს მომხმარებლებისთვის პროდუქციის მიწოდების ალტერნატიულ მარშრუტად განიხილავს.

ამასთან, გასულ კვირას თბილისში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაციის სხდომა გაიმართა, რომელსაც ყაზახეთის რკინიგზის ხელმძღვანელი, ნურლან საურანბაევი თავმჯდომარეობდა. სხდომაზე წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე, რომელსაც „შუა დერეფანს“ უწოდებენ, ტვირთების გადაზიდვის მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,7-ჯერ გაიზარდა და მილიონ 84 ათასი ტონა შეადგინა. ზრდის დიდი წილი ექსპორტს უკავია. ყაზახეთიდან ამ მარშრუტზე საექსპორტო ტრანსპორტირების მოცულობა 7,9-ჯერ გაიზარდა. ასოციაციის წევრები 20 კომპანია, მათ შორის 8 ქვეყნის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადამზიდავი და ლოგისტიკური ორგანიზაციები არიან.

ტრანსკასპიური მარშრუტი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოს ტერიტორიაზე, შემდეგ კი თურქეთსა და ევროპის ქვეყნებზე გადის. ექსპლუატაციაში შესული ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაც ამ დერეფნის ნაწილია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ