ზამთარში ნედლი რძე კიდევ გაძვირდება - ,,ყვარლის ბაგა“

ზამთარში ნედლი რძის ფასი ისევ მოიმატებს - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფერმის, ,,ყვარლის ბაგას“ საოპერაციო დირექტორმა ირაკლი კონჯარიამ განაცხადა.

მისი თქმით, მიზეზი საკვები პროდუქტისა და დანამატის ფასის ზრდაა, რომლის დიდი ნაწილიც იმპორტირებულია.

„საქონელი ჰოლშტეინის ჯიშის. თავდაპირველად დავიწყეთ 3 ტონა რძით და ახლა გვაქვს 35 ტონა დღეში. ჩვენი ძირთადი შემსყიდველები არიან, „სანტე“, „აგროჰაბი“ და „სოფლის ნობათი“.

თავიდან იყო აწყობილი ევროპულ მოდელზე, შემდეგ გვყავდა ებრაელი მენეჯერი და მივხვდით, რომ ებრაულ მოდელზე გადაწყობა სჯობდა და მასზე გადავეწყვეთ. მეტად არის მორგებული საქონლის კომფორტზე. 25 კვადრატულია გათვალისწინებული თითო ძროხაზე. საწარმოო ციკლი ისე გვაქვს აწყობილი, რომ სეზონურად არ იცვლება პროდუქტიულობა, რადგან სრულად ხელოვნურ განაყოფიერებაზეა აწყობილი.

როგორც აღვნიშნე დღეში გვაქვს 35 ტონა ნედლი რძე, რომელიც აბსოლუტურად არასაკმარისია მოთხოვნასთან მიმართებით. ორჯერ მეტი რძე რომ გვქონდეს, მაინც დეფიციტი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩვენი მიწის ნაკვეთებიც გვაქვს, სადაც საკვები მოგვყავს, ესეც არასაკმარისია. დიდწილად დამოკიდებული ვართ იმპორტზე, რომლის ფასიც როგორც წესი, მზარდია და ეს შესაბამისად ზრდის ნედლი რძის ფასს.

დღეს, 1 ლიტრი რძის საბაზისო ფასი 1.80-ია პლიუს ცილის და ცხიმის შეფარდება. მიუხედავად ამისა, მოგების კუთხით ფაქტობრივად, არ გვაქვს ზრდა, რადგან როგორც რძის ფასი გაიზარდა, ისე გაიზარდა ხარჯიც. მოლოდინი გვაქვს, რომ ნედლი რძე კიდევ გაძვირდება და ორ ლარამდე ავა ზამთრისთვის. ამაზე მოლაპარაკება უკვე მიდის. მიუხედავად იმისა, რომ ფასის წარმოქმნაში დიდ როლს ვთამაშობთ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე დიდი ფერმა. თუმცა მთავარი მაინც გარემო პირობებია. ეს განაპირობებს ფასის დადგენას“, - განაცხადა კონჯარიამ „ბიზნესპრესნიუსთან“.

ცნობისთვის: „ყვარლის ბაგა“ ყვარელში 2013 წელს ამუშავდა და დღემდე 20 მლნ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული; ამ დროისთვის ფერმაში 2 500-მდე ჰოლშტეინის ჯიშის ძროხაა. ე.წ. „ებრაული მოდელის“ ფერმა 100-მდე ადამიანს ასაქმებს.

თამარ მუკბანიანი