როგორია საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები

28 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა 2022 წლის ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 9.5%-ით გაიზრდება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით, რომელიც ივნისში გამოქვეყნდა, 2.8%-ით მეტია. წინა პროგნოზით, მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკა 6.7%-ით უნდა გაზრდილიყო.

საბიუჯეტო ოფისის პროგნოზი აღემატება საქართველოს მთავრობის პროგნოზს, რომლის მიხედვითაც, ეკონომიკური ზრდა წელს 8.5%-იანი იქნება.

პროგნოზი გაზარდა კიდევ ერთმა ქართულმა ინსტიტუციამ, ეროვნულმა ბანკმაც, რომელიც წელს რეალური მშპ-ს 10%-იან მატებას ვარაუდობს. სებ-ის თანახმად, ეკონომიკური აქტივობა ჯერ კვლავაც ძლიერია და რუსეთ-უკრაინის ომისა და თანმდევი სანქციების შედეგად, საქართველოში მიგრაციული ნაკადები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ერთობლივ მოთხოვნას ასტიმულირებდა.

რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) განახლებული დოკუმენტის მიხედვით, წელს საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზრდება. წლის დასაწყისში IMF ვარაუდობდა, რომ 2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდებოდა, შემდეგ საპროგნოზო მაჩვენებელი 3.2%-მდე შეამცირა, თუმცა ბოლოდროინდელი ვითარების გამო კვლავ გაზარდა.

მიუხედავად წლევანდელი პროგნოზის ზრდისა, IMF-მა 2023 წლის პროგნოზი შეამცირა 5.8%-დან 4%-მდე.

მსოფლიო ბანკი 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 8.8%-იან მატებას ვარაუდობს 5.5%-ის ნაცვლად. აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. თუმცა 2023 წელს მსოფლიო ბანკიც ეკონომიკის 4.2%-მდე შენელებას მოელის საქართველოში, რაც გამოწვეული იქნება 2022 წელს მძლავრი აღდგენის სტიმულის შესუსტებით, ევროკავშირში ეკონომიკური ზრდის შემცირებითა და რუსეთში წარმოებული პროდუქციის მოცულობის მოსალოდნელზე მკვეთრი ვარდნით.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მაჩვენებელს 8%-მდე ზრდის. წინა პროგნოზით, 2022 წელს ზრდა 3% უნდა ყოფილიყო. ამასთან, EBRD-ის რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივის (REP) უახლესი ანგარიშის მიხედვით, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკა ბოლო წლების განმავლობაში ზრდის ყველაზე მაღალი ტემპით გამოირჩევა. თუმცა, EBRD-ის შეფასებით, საქართველოსთვის რისკების გაურკვევლობა და გარე შოკების დიდი ალბათობა მომავალ წელს ზრდის 5%-მდე შემცირებას განაპირობებს.

კახი ჩაკვეტაძე