ევროპის ქვეყნები დამატებით ზომებს იღებენ, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად ენერგიის პოტენციური დეფიციტის მასშტაბები შეამცირონ. კონტინენტის მთავრობებმა რიგი ახალი შეზღუდვები უკვე გამოაცხადეს.
ევროპის მთავრობები და მუნიციპალური ხელისუფლებები ბრიუსელის მოწოდების შესაბამისად მოქმედებენ, რომლის მიზანიც მომავალი წლის მარტისთვის ევროკავშირში ენერგიის მოხმარების 15%-ით შემცირებაა. მაგალითად, The Guardian-ის ცნობით, ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, ერთი გრადუსით შეამციროს გათბობის სტანდარტები საჯარო დაწესებულებებში.
დიდ ბრიტანეთში ენერგიის დაზოგვის მიზნით, დაახლოებით, 15 მლნ ფუნტის ბიუჯეტის კამპანია უნდა დაწყებულიყო. მართალია მთავრობამ, იმ მოტივით, რომ „ძიძა“ არ არის, ეს ინიციატივა დაბლოკა, მაგრამ ირლანდიამ ენერგიის მოხმარების შემცირებისთვის სოციალური კამპანია მაინც წამოიწყო: ქვეყნის მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, ღუმელები, საშრობები, სარეცხი მანქანები, ელექტროჩაიდნები და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა რაც შეიძლება, ეფექტურად გამოიყენოს და თუ შესაძლებელი იქნა, ელექტროენერგია პიკის საათებში, ანუ დღის 16:00-დან 19:00 საათამდე არ მოიხმაროს. ირლანდიის ხელისუფლებამ, ასევე, მოუწოდა მძღოლებს, ავტომობილები ნელა ატარონ და ენერგიის მოხმარების დაზოგვის მიზნით შეუფერხებლად იმოძრაონ. ამასთან, მათ ურჩევენ კვირაში ერთხელ მაინც გადაერთონ ფეხით ან ველოსიპედით სიარულზე და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. სამთავრობო შენობებში გათბობის ჩართვაც გადაიდო, რის გამოც სექტემბერში რამდენიმე დეპუტატი სიცივეს უჩიოდა, თუმცა სამთავრობო კომპლექსის სხვა თანამშრომლები მაშინ ამბობდნენ, რომ „ამით მაგალითს იძლევიან.“ გათბობის მიწოდება დაგეგმილზე ოთხი დღით გვიან დაიწყო.
საფრანგეთში ენერგიის დაზოგვისა და საწვავის მოხმარების შესამცირებლად მაღაზიების ვიტრინებისა და ღირსშესანიშნაობების, მათ შორის ეიფელის კოშკის განათება ახლა უკვე ერთი საათით ადრე ითიშება. მთავრობამ, ასევე, წამოიწყო დიდი სოციალური კამპანია, რომელიც თითოეულ მოქალაქესა თუ ბიზნესს მოუწოდებს, წვლილი შეიტანოს საერთო ძალისხმევაში. ამასთან, თანამშრომლებს მოუწოდებენ ლიფტების ნაცვლად, კიბეები გამოიყენონ, პრინტერები და კომპიუტერები გამორთონ, როცა არ იყენებენ. კომპანიებსა და საჯარო სექტორის საწარმოებს დაევალათ, სახლიდან მუშაობის ისეთი რეჟიმი შეიმუშაონ, რომ სამსახურის შენობა სამი-ოთხი დღის განმავლობაში დაიხუროს. ამასთან, მოქალაქეებმა მანქანის მართვის დროს სიჩქარე უნდა შეზღუდონ. კერძო შენობების მფლობელებს, ასევე, ურჩევენ, თერმოსტატები 19°C-მდე შეამცირონ, როცა შენობა ხალხით არის დაკავებული, ღამის საათებში ტემპერატურა 16°C-მდე, ხოლო ორ დღეზე მეტხანს გამოუყენებელ შენობებში, ანუ შაბათ-კვირას ან არდადეგებზე, 8°C-მდე დაწიონ. საზოგადოებრივი შენობების ხელმძღვანელებს დაევალათ, LED ნათურებზე გადაერთონ, ასევე, როცა საჭირო არ არის, გამორთონ ცხელი წყლის ქვაბები და სამუშაო საათებში ოფისები 19°C-ზე მეტი ტემპერატურით არ გაათბონ. სპორტულმა კომპლექსებმა გათბობის სტანდარტები ორი გრადუსით, ხოლო საზოგადოებრივმა საცურაო აუზებმა ერთი გრადუსით უნდა შეამცირონ.
გარდა ამისა, საფრანგეთში ქუჩის განათებასა და ნიშნებზე დაბალ ენერგიას გამოიყენებენ, ისინი შედარებით მოკლე დროით ჩაირთვება, ხოლო თუ შესაძლებელი იქნა, ღამის 01:00-დან 06:00 საათამდე მთლიანად გაითიშება. რიგით მოქალაქეებს სთხოვენ, საცხოვრებელ ოთახებსა და სამზარეულოში სახლის ტემპერატურა 19°C-ზე ან ქვემოთ, ხოლო საძინებლებში 17°C-ზე შეინარჩუნონ. შეამცირონ გათბობის ქვაბების ტემპერატურა, გამოიყენონ ენერგოინტენსიური ელექტროტექნიკა და საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ხოლო პიკის საათებში არ მოიხმარონ. ოჯახები, რომლებიც ამ მითითებებს შეასრულებენ, სპეციალური ბონუსით დაჯილდოვდებიან.
გერმანიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ყველა ძეგლი და ატრაქციონი, მათ შორის ცნობილი ბრანდენბურგის კარიბჭე, საზოგადოებრივი შენობები და ბილბორდები მხოლოდ 16:00 საათიდან 22:00 საათამდე განათდება, რაც კულტურულ ფესტივალებს არ შეეხება. საზოგადოებრივი შენობების დერეფნებში გათბობა გამოირთვება, ხოლო სახელმწიფო სექტორის შენობებში მაქსიმალური ტემპერატურა 19°C იქნება. ტემპერატურა შემცირდა საზოგადოებრივ აუზებზეც. ზოგიერთი მუნიციპალიტეტი კიდევ უფრო შორს წავიდა და ცხელი წყალი საერთოდ გამორთო. კერძოდ, ჰანოვერის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ საზოგადოებრივ შენობებში, საშხაპე აუზებში, სპორტულ და სავარჯიშო დარბაზებში ხელების დასაბანად ან შხაპის მისაღებად ცხელი წყალი ხელმისაწვდომი აღარ იქნება. გერმანიაში საცხოვრებელი კორპუსებისთვის მაქსიმალური ტემპერატურის სტანდარტი ჯერ არ არის დაწესებული, თუმცა ქვეყანაში ყველა კერძო აუზი ელექტროენერგიით ან გაზით აღარ გაცხელდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი ეს „თერაპიული გამოყენებისთვის ან ტექნოლოგიის შეფერხების თავიდან ასაცილებლად სასწრაფოდ აუცილებელია.“
ესპანეთში, რომელიც ევროკავშირის ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით რუსულ ენერგომომარაგებაზე ნაკლებად დამოკიდებულია, ხელისუფლება დათანხმდა, ბუნებრივი აირის მოხმარება 7-8%-ით „სოლიდარობის ნიშნად“ შეამციროს. ახალი ზომები მომავალი წლის ნოემბრამდე დარჩება ძალაში. კერძოდ, მაღაზიების ვიტრინის განათება საღამოს 22:00 საათის შემდეგ უნდა გამოირთოს, ხოლო ყველა კონდიცირებულ თუ გამთბარ ოთახს უნდა ჰქონდეს კარის ავტომატური დახურვის სპეციალური მექანიზმი, რომ ენერგია არ განიავდეს. ამასთან, მთავრობის განკარგულებით, საზოგადოებრივ შენობებში ტემპერატურა არაუმეტეს 19 გრადუს ცელსიუსზე შენარჩუნდება. იმის მიუხედავად, რომ ახალი წესები ოჯახებისთვის არასავალდებულოა, ქვეყნის მცხოვრებლებს, ასევე მოუწოდებენ, საჯარო სექტორს მიბაძონ და ენერგია უფრო ეკონომიურად გამოიყენონ.
იტალიაში, „თერმოსტატის“ სახელწოდების სპეციალური კამპანიის ფარგლებში, ენერგიის დაზოგვის რამდენიმე ნორმა ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაწესდა. მათ შორის არის საზოგადოებრივი შადრევნების გათიშვა. ამჟამად იტალიის მთავრობა სახლის მფლობელებს მოუწოდებს, ცენტრალური გათბობის ტემპერატურა 1 გრადუსით შეამცირონ, ხოლო ყოველ დღე, მინიმუმ, ერთი საათის განმავლობაში მთლიანად გამორთონ. გარდა ამისა, იტალიელებს ურჩევენ, შხაპი სწრაფად მიიღონ, ასევე, ჭურჭლის სარეცხი და სარეცხი მანქანები მხოლოდ სრული დატვირთვით გამოიყენონ და საყოფაცხოვრებო ტექნიკა მოლოდინის რეჟიმში არ დატოვონ. ამასთან, იტალიის მთავრობა ახლადარჩეულ მთავრობას გადააბარებს ენერგიის დაზოგვის საგანგებო გეგმას, რომლის ფარგლებშიც მომავალი წლის დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით ქვეყანაში წარმოების მთლიანი შეჩერება განიხილება.
ნიდერლანდების მთავრობა ოჯახებისა და ბიზნესისთვის, ასევე, კონკრეტულ რჩევებს იძლევა, თუ რა ზომები უნდა მიიღონ ენერგიის მოხმარების შესამცირებლად. მათ შორის არის შენობებისა და ფართობების გასათბობად ტემპერატურის ლიმიტის შემცირება.
ბელგიაში, ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს შტაბ-ბინასა და ევროკავშირის სამიტის შენობაში ტემპერატურა 19°C-მდე დაწიეს. თანამშრომლებს გაეგზავნათ სპეციალური მემორანდუმი, რომელშიც მათ ურჩევდნენ, „სამსახურში სვიტერით სიარულის არ მოგერიდოთ“, რადგან „ენერგია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტრადიციული დრეს-კოდი.“ ამასთან, საბჭოს შტაბ-ბინაში შიდა ოვალური ფორმის სტრუქტურის განათება გაითიშება, რომელსაც „ევროპის ფარანს“ უწოდებენ და ასევე, ცნობილია, როგორც „კოსმოსური კვერცხი,“ ხოლო უზარმაზარ ატრიუმში ტემპერატურა 14°C-ზე მეტად არ შენარჩუნდება. გარდა ამისა, ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა უფრო აქტიურად განაახლა თავისი ადრინდელი კამპანია სტრასბურგში ყოველთვიური მოგზაურობის წინააღმდეგ. კერძოდ, გერმანელმა ევროპარლამენტარმა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან, პეტერ ლიზემ საპარლამენტო ხელისუფლების წევრებს მოუწოდა, სტრასბურგში, მინიმუმ, აპრილამდე არ გაემგზავრონ. მისი თქმით, მაშინ, როცა ბრიუსელი წევრი სახელმწიფოებისგან ენერგიის დაზოგვას მოითხოვს, უპასუხისმგებლობა იქნებოდა, ერთდროულად ორი შენობა თბებოდეს და არასაჭირო მოგზაურობებზე ფული და ენერგია იხარჯებოდეს.
უკრაინა, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ცივი ქვეყანაა, ასევე, მძიმე ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას, რაც რუსეთის მხრიდან ენერგოობიექტების ბოლოდროინდელი დაბომბვის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა. მაშინ, როცა ევროპაში ოთახების გათბობა არაუმეტეს 19°C-ზე არის რეკომენდირებული, უკრაინის ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, ცენტრალური გათბობის ტემპერატურა ნორმიდან ოთხი გრადუსით დაწიონ და 17°C-დან 18°C-მდე შეინარჩუნონ. მოქალაქეები, ასევე, გააფრთხილეს, რომ მომავალ ზამთარში ქუჩაში ტემპერატურა ნულზე ქვემოთ საგრძნობლად დაეცემა, ამიტომ საბნები და თბილი ტანსაცმლი მოიმარაგონ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ