დავით უსუფაშვილი ლარის გაუფასურების ძირითად მიზეზად საგარეო ფაქტორებს ასახელებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ლარის გაუფასურების ძირითად მიზეზად საგარეო ფაქტორებს ასახელებს, - ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა გუშინ, "მაესტროს ცხრიანში" სტუმრობისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე ეროვნული ვალუტის კურსს ადამიანის ავადმყოფობის მდგომარეობას ადარებს. "ავიღოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხომ ყოფილა, რომ ზოგჯერ შეიძლება გამტვრევთ და თავს ვერ გრძნობთ კარგად, მერე არის, რომ გაციებული ხარ, მერე არის რომ ვირუსი გაქვს. მერე არის, რომ სიცხე გაქვს, მერე არის რომ ჩაწექი ლოგინში.

ჯანმრთელობის თვალსაზრისით კრიზისი არის მაშინ, როდესაც ორ ექიმს აღარ უჯერებ მესამესთან გარბიხარ, მეოთხეს ურეკავ, მიშველეთ რამე უბედურება ხომ არ მჭირს - ეს არის კრიზისი. თუ ასეთ რამეს ხედავს ვინმე ქვეყნის ეკონომიკაში, მეც მითხარით ეს ამბავი. ამ ლოგიკით, ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით, ტანში გვამტრევს, ეს არ არის გაციება, არ არის კარგი ამბავი, ტანში გვამტვრევს. რატომ გვამტვრევს? იმიტომ რომ, ამის მიზეზები ეკონომიკის მინისტრმა და ფინანსთა მინისტრმა არაერთხელ ახსნა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ტანში მტვრევის მიზეზთა 80-85% საგარეო ფაქტორებია. "შეგვიძლია გადავხედოთ რეგიონს, სად რა ხდება, როგორ მიდის ეს ვალუტები, რატომ არის ერთმანეთთან კავშირში ის რისგანაც ჩვენ გვინდა მივიღოთ სარგებელი. ეს ხდება თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, კანადაში, აღმოსავლეთ აზიაში და ასე შემდეგ, ეს არის სერიოზული პრობლემა. ამიტომ თუ ამის გამო მოდიან და დემონსტრაცია უნდა მოაწყონ, მოვიდნენ, მაგრამ მარტო საქართველოს მთავრობასთან ნუ ექნებათ პრობლემა. მინიმუმ 37 ქვეყნის მთავრობას უნდა მიმართონ, რომ ჭკუით მოიქეცით ყველა, რუსეთის მიმართ სანქციები შეწყვიტეთ, რომ ამით ეკონომიკა არ დაზარალდეს", - განაცხდა პარლამენტის თავმჯდომარემ.