საშინელი კვირა ტექნოლოგიური კომპანიებისთვის - ამერიკული გიგანტების ღირებულება თითქმის 800 მილიარდით შემცირდა

მიმდინარე კვირაში აშშ-ს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების ღირებულებამ თითქმის 1 ტრილიონი დოლარით დაიკლო, დიდწილად, გლობალური ეკონომიკის შენელებისა და ხარჯების ზრდის გამო. ამის შესახებ The Finantial Times წერს.

საფონდო ბირჟაზე კლების ტენდენცია განსაკუთრებით აჩქარდა ხუთშაბათს, როდესაც Amazon-მა უოლ სტრიტი შოკში ჩააგდო საკუთარი შემოსავლების მეოთხე კვარტლის პროგნოზით, რომელიც 15 მილიარდით უფრო ნაკლებია, ვიდრე ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდევი 155 მილიარდი დოლარი.

Amazon-ისა და Microsoft-ის თანახმად, მათ შემოსავლებში კლების ტენდენცია განპირობებულია იმით, რომ მომხმარებლებს ხარჯების შემცირება სურთ მაღალი ინფლაციის პირობებში.

Amazon-ის პროგნოზმა უარყოფითი გავლენა იქონია მთლიანად ელექტრონული ვაჭრობის სექტორზე და ახლა 5 უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის (Amazon, Alphabet, Apple, Meta და Microsoft) საერთო ღირებულება თითქმის 950 მილიარდი დოლარით ნაკლებია, ვიდრე წლის საწყის ეტაპზე.

მხოლოდ Apple-ის შემოსავლების პროგნოზი იყო ანალიტიკოსების ვარაუდზე მაღალი, რამაც სიტუაცია ოდნავ გამოასწორა და ამ კომპანიების საბაზრო ღირებულების კლების მაჩვენებელი 770 მილიარდამდე შეამცირა. ამჟამად მათი საერთო ღირებულება 6.43 ტრილიონი დოლარია.

უოლ სტრიტის რწმენის მდგრადობას ტექნოლოგიური კომპანიების მიმართ კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა Facebook-ის მშობელი კომპანიის, Meta-ს აქციების მკვეთრმა, 24.6%-იანმა კლებამ, რამაც საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების ღირებულება 84.6 მილიარდი აშშ დოლარით შეამცირა. 14 თვის წინ პიკის შემდეგ Meta-ს აქციები 74%-ითაა გაუფასურებული.

კახი ჩაკვეტაძე