ჯენ პსაკი: ყირიმის ანექსიის გამო, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში რჩება

ყირიმის ანექსიის გამო, აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ძალაში დარჩება, ვიდრე ნახევარკუნძული უკრაინას არ დაუბრუნდება.

ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერმა, ჯენ პსაკიმ განაცხადა. "რუსეთმა ძალის გამოყენებით მოახდინა ყირიმის ოკუპაცია, შემდეგ კი ჩაატარა არალეგიტიმური ე.წ. რეფერენდუმი იმისათვის, რომ გაემართლებინა მისი ქმედებები", - განაცხადა ჯენ პსაკიმ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ყირიმში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმით დაირღვა უკრაინის კანონმდებლობა და კონსტიტუცია. მისივე თქმით, ვაშინგტონი კვლავ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად რჩება. ყირიმში რეფერენდუმი გასული წლის 16 მარტს ჩატარდა, რომლის შედეგების მიხედვითაც, საარჩევნო უბნებზე გამოცხადებულთა უმრავლესობამ მხარი რუსეთთან მიერთებას დაუჭირა. ყირიმის ნახევარკუნძულის მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად რუსები არიან.