ბიზნესსუბიექტებს ბიზნესის რეგისტრაციის მოთხოვნისას საბანკო ანგარიშის გახსნა უკვე ხუთ ბანკში შეუძლიათ

ბიზნესის რეგისტრაციის მოთხოვნისას ბიზნესსუბიექტებს საბანკო ანგარიშის გახსნა უკვე ხუთ ბანკში შეუძლიათ.

ბიზნესის რეგისტრაციის განაცხადის წარდგენის პარალელურად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ თავად შეარჩიონ სასურველი ბანკი და ანგარიშის გახსნის სერვისით, დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე ისარგებლონ. ინფორმაცია ანგარიშის გახსნის მოთხოვნის შესახებ შერჩეულ ბანკს ავტომატურ რეჟიმში ეგზავნება.

ბიზნესის პირველადი რეგისტრაციისას საბანკო ანგარიშის გახსნის სერვისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მომხმარებელს 2011 წლიდან სთავაზობს. თავდაპირველად სააგენტოში მხოლოდ ანგარიშის გახსნის ინიცირება ხდებოდა, საბოლოო პროცედურის დასასრულებლად კი დაინტერესებულ პირს ბანკში მისვლა სჭირდებოდა. 2014 წელს სააგენტომ სერვისის კიდევ უფრო გამარტივების მიზნით, ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, საკანონმდებლო ცვლილება შეიმუშავა. დადგინდა ახალი სტანდარტი, გამოიცა შესაბამისი ნორმატიული აქტი და ანგარიშის გახსნა ავტორიზებული ადმინისტრაციული ორგანოს მეშვეობითაც გახდა შესაძლებელი.

ამჟამად საბანკო ანგარიშის გახსნა ინტეგრირებულია რეგისტრაციასთან და ეს ორი მომსახურება ერთ პროცედურაშია გაერთიანებული. ანგარიშის გახსნისთვის დაინტერესებულ პირს საბანკო დაწესებულებაში მისვლა აღარ სჭირდება. აღსანიშნავია, რომ ეს მომსახურება ბიზნესსუბიექტებს დროის დაზოგვის და ერთი პროცედურით ორი სერვისის მიღების საშუალებას აძლევს. კომპანიის რეგისტრაციისას მომხმარებელთა 60% საბანკო ანგარიშის გახსნას საჯარო რეესტრის ტერიტორიული სამსახურებისა და ავტორიზებული პირების მეშვეობით ახორციელებს.

ამ დროისთვის მომსახურების მიღება "საქართველოს ბანკში", "TBC ბანკში", "ქართუ ბანკში", "ლიბერთი ბანკსა" და "პრივატ ბანკშია" შესაძლებელი. 2015 წლის ბოლომდე სერვისის შეთავაზებაში კიდევ რამდენიმე ბანკი ჩაერთვება და მომხმარებელს ბიზნესის რეგისტრაციისას შესაძლებლობა ექნება, საბანკო ანგარიში მისთვის სასურველ ნებისმიერ ბანკში მიუსვლელად გახსნას.