ჩაითვლება თუ არა თურქული ნედლეულით დამზადებული პროდუქცია ქართულად

”თურქეთიდან იმპორტირებული ნედლეულით საქართველოში წარმოებული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე სავაჭრო ნიშნით - ”დამზადებულია საქართველოში" - გავა"

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, საქართველო-ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების ამოქმედებამ, საქართველოში პროდუქციის საწარმოებლად განსაკუთრებით იმ ქვეყნების ინვესტორებისთვის შექმნა სერიოზული ფონი, რომელთაც ევროპის ბაზრებზე პროდუქტის შეტანა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით არ შეუძლიათ. თუმცა იმისათვის, რომ პროდუქტი თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს დაექვემდებაროს, ის ევროკავშირის მკაცრი კრიტერიუმების ფარგლებში უნდა მოექცეს და სხვა მოთხოვნებთან ერთად, წარმოშობის განსაზღვრული მოთხოვნებიც დააკმაყოფილოს. როგორც ეკონომიკის სფეროს ექსპერტი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე ამბობს, მას შემდეგ, რაც გაფორმდა ხელშეკრულება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო არეალის ფორმირების თაობაზე, პროდუქციის ადგილწარმოშობის შესახებ საკითხი მნიშვნელოვანი გახდა. ,,ევროკავშირს თავიდან რომ აეცილებინა ერთი ქვეყნიდან მეორეში პროდუქციის შეტანა, მისი ხელახლა შეფუთვა და შემდეგ ამ უკანასკნელი ქვეყნის სახელით მისი ბაზარზე გატანა, შესაბამისი ნორმები დააწესა", - ამბობს გიორგი ღაღანიძე.

ამ ბარიერებთან გამკლავების და საქართველოს მწირი სანედლეულო ბაზრის გაფართოების მიზნით, ქართულმა მხარემ ევროკავშირთან მიაღწია შეთანხმებას ”დიაგონალური კუმულაციის" პრინციპზე, რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოში თურქული ნედლეულით წარმოებულ პროდუქციაზე ამოქმედდება. საუბარია მხოლოდ ინდუსტრიულ ნედლეულზე. "დიაგონალური კუმულაცია" საერთაშორისო ვაჭრობის ერთგვარი პრინციპია და იმ ქვეყნებს შორის მოქმედებს, რომელთაც ერთმანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება აქვთ გაფორმებული. მისი ამოქმედება ორზე მეტი ქვეყნის ჩართულობას მოითხოვს. პროდუქტი კი ითვლება იმ ქვეყანაში დამზადებულად, სადაც ის შეიქმნა და საბოლოო სახე მიიღო. ,,ამ მექანიზმის ასამოქმედებლად სამი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო. ევროკავშირთან მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ თურქეთთან ,,დიაგონალური კუმულაციის" შესაძლებლობა ხელშეკრულებაში ჩადებულიყო. თურქები დაინტერესებულები არიან ხელშეკრულების იმ ფორმით გამოყენებით, რომელიც სამივე მხარისთვის მისაღები იქნება”, - ამბობს ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მარიამ გაბუნია.

დღეს საქართველოში მოქმედ თურქულ კომპანიებს ევროპის ბაზარზე პროდუქტი თურქეთის გავლით გააქვთ, ”დიაგონალური კუმულაციის პრინციპით" კი თურქეთიდან იმპორტირებული ნედლეულით საქართველოში წარმოებული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე გავა სავაჭრო ნიშნით - ”დამზადებულია საქართველოში". ეს საშუალებას მისცემს თურქულ კომპანიებს თურქეთიდან შემოტანილი ნედლეულით ჩვენს ქვეყანაში დამზადებული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე დაუბეგრავად, გადასახადებისა და კვოტების გარეშე, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის პირობებში გაიტანონ. ამ პრინციპით სარგებლობისთვის აუცილებელია საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა. ამის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. შეთანხმების შემთხვევაში, ახალმა ხელშეკრულებამ რატიფიცირება ორივე ქვეყნის პარლამენტში უნდა გაიაროს. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის მხარე მზად არის, ჩაერთოს ამ პროცესში, ჯერჯერობით, მაინც უცნობია, რა დრო დასჭირდება პროცედურული საკითხების მოგვარებას და როდის შევა ეს ინიციატივა ძალაში.

თუმცა, როგორც მარიამ გაბუნია აცხადებს, თურქეთის ხელისუფლებისგან მათ უკვე მიიღეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში შესატან ცვლილებათა პაკეტი და მისი შესწავლა-დამუშავების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. მისი თქმით, ქართული მხარე ყველანაირად ეცდება, პროცესი რაც შეიძლება სწრაფ ტემპებში წარიმართოს. ,,დიაგონალური კუმულაციის" ამოქმედებით ყველაზე მეტად ტექსტილის ბაზარია დაინტერესებული, ვინაიდან დღეს საქართველოში თურქული ინვესტიციებით გახსნილი ექვსი ტექსტილის კომპანია მუშაობს. ეს კომპანიები თურქეთიდან შემოტანილი ნედლეულით პროდუქტს საქართველოში აწარმოებენ, შემდეგ კი ისევ თურქეთის გავლით ევროკავშირის ბაზარზე გააქვთ. როგორც საერთაშორიშო ინვესტორთა ასოციაციაში აცხადებენ, ისინი ამ გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.

გიორგი ღაღანიძის თქმით, ეს მარტივად მოსაგვარებელი საკითხი არ იქნება. მისი აზრით, ძირითადი სირთულე თურქეთისთვის ტრანსპორტირების სიძვირეა და მიაჩნია, რომ თუ თურქულ კომპანიებს კარგი პირობები არ შევთავაზეთ, ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ზედმეტი ხარჯების გამო ისინი არ დაინტერესდებიან საქართველოში ნედლეულის შემოტანით და პროდუქციის წარმოებით:  ,,თურქეთი ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე ჩვენზე წინ არის და უფრო მაღალ საფეხურზე იმყოფება. ის ევროპის საბაჟო კავშირის წევრია. ჩვენ ვცდილობთ, ევროკავშირთან თავისუფალი, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო არეალის ფორმირების ხელშეკრულება ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ. თურქულმა კომპანიამ თურქული ნედლეულით საქართველოში პროდუქცია გადაამუშაოს და აქედან ყველა იმ უპირატესობებით გაიტანოს, რასაც მას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შეთანხმება ანიჭებს. მნიშვნელოვანია ის, რომ იმ ქვეყნის ნედლეულით, რომელიც არ არის ევროკავშირთან საბაჟო კავშირში, ეს ვერ მოხერხდება. ვფიქრობ, რომ ეს მარტივად მოსაგვარებელი საკითხი არ იქნება. ტრანსპორტირება ძვირი დაჯდება. თურქეთიდან ევროკავშირი ჩრდილო-დასავლეთით იმყოფება. ჩვენ კი ჩრდილო-აღმოსავლეთით ვართ. ტრანსპორტირებების მიმართულებები არ ემთხვევა. ამ შემთხვევაში თურქეთიდან ტვირთი ჯერ აღმოსავლეთით უნდა წამოვიდეს, მერე ისევ დასავლეთით. დასაფიქრებელია, იქნება თუ არა თურქული კომპანიებისთვის ყოველივე ეს ხელსაყრელი. ძალიან კარგი პირობების შექმნა გახდება საჭირო, რომ ეს მათთვის იყოს მომგებიანი - იაფად გადაამუშაონ პროდუქცია და ტრანსპორტირების ორმაგი დანახარჯი გადაფარონ. არავინ არაფერს გვაჩუქებს. ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ რომელიმე თურქული კომპანია დაინტერესდება საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობის საკითხებით."

ნონა ბურნაძე

სტატიის ინგლსური ვერსია იხილეთ ბმულზე: Will the EU accept goods made in Georgia from Turkish materials as Georgian?