რა თანხას დახარჯავს მთავრობა თხილის ხელშეწყობის პროგრამაზე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თხილის წარმოების ხელშეწყობის მიზნით სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდება. აღნიშნულის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, აღნიშნულისთვის პირველ ეტაპზე, 20 მლნ ლარია გამოყოფილი.

„მოგეხსენებათ, ჩვენი ძალიან ბევრი თანამოქალაქე არის ჩართული თხილის წარმოებაში. სამწუხაროდ, ფაროსანას ნეგატიური ეფექტი ჯერ კიდევ სახეზეა. ამასთან, წელსაც, მაინცდამაინც კარგი მოსავალი არ იყო, ხარისხი შედარებით გაუარესებული იყო, ამას ემატება ისიც, რომ მოთხოვნა შემცირებულია და ფასები დაკლებულია მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წავახალისოთ და ხელი შევუწყოთ ამ სექტორში მომუშავე ფერმერები და ფიზიკური პირები. პროგრამა ითვალისწინებს თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობას თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირების გზით. ამისთვის, პირველ ეტაპზე 20 მლნ ლარს გამოვყოფთ. ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სექტორშია ჩართული და განსაკუთრებით, სამეგრელოში, ძალიან ბევრი ადამიანი არის ჩართული ამ სექტორში და მაქსიმალური მხარდაჭერა სჭირდება. ისე, როგორც ვეხმარებით რთველს, ყურძნის წარმოებას და ა.შ.

სხვათა შორის, მინდა ვთქვა, რომ რთველი წარმატებით დასრულდა. დაახლოებით, 250 მლნ ლარი შევიდა კახეთის რეგიონში. მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ოთარ შამუგიას, წარმატებით ჩაატარა რთველი და ყველა იმ უწყებას, რომელიც ამ პროცესში ჩართული იყო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.