ლევან ბეჟაშვილი - ქვეყანას ჰყავს ერთი ოლიგარქი, რომელიც ფარულად მართავს სახელისუფლებო სტრუქტურებს

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. როგორც ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს ქვეყანას ჰყავს ერთი ოლიგარქი, რომელიც ფარულად მართავს სახელისუფლებო სტრუქტურებს.

"დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამიტომ მნიშვნელოვანია მივიღოთ დეოლიგარქიზაციის შესახებ ისეთი კანონი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. "ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილი ვერსია არ აკმაყოფილებს ამ სტანდარტებს, არ ითვალისწინებს ქართულ რეალობას და უკრაინულის კოპირებას წარმოადგენს, რაც ბუნებრივია, მიუღებელია. დღეს ქვეყანაში გვყავს ერთი ოლიგარქი, რომელიც ფარულად მართავს სახელისუფლებო სტრუქტურებს. საქართველოს თუ სურს ევროპული ინტეგრაცია და ევროპული პერსპექტივა, სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას უნდა ემსახურებოდეს დეოლიგარქიზაციის შესახებ ახალი კანონი", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას იწყებს. მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონის პროექტზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იმსჯელებენ.