რომან გოცირიძე - პარლამენტი ოლიგარქის რეესტრში ბიძინას რომ არასდროს შეიყვანს, ეს ფაქტია

ოლიგარქის სტატუსის დამდგენი დამოუკიდებელი კომისიის შექმნა არის ის ტესტი, სურთ რეალურად მუშა კანონის მიღება თუ პირიქით - ამ კანონს გამოიყენებენ ოპოზიციის შესავიწროებლად, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტის თანახმად, პარლამენტმა უნდა დაადგინოს, ვინ არის ოლიგარქი, თუმცა, ყველასთვის ცხადია, რომ ივანიშვილს ოლიგარქების რეესტრში პარლამენტი არ შეიყვანს.

„უკრაინულ და ქართულ კანონს „ოლიგარქიის შესახებ“ აქვს ერთი ნაკლი: ვინ ადგენს პირის ოლიგარქობას. უკრაინაში ამას ადგენს უშიშროების საბჭო, რაც ცუდია, ჩვენთან - პარლამენტი, რაც უკრაინულს სჯობს, მაგრამ მაინც ცუდია. ოლიგარქის რეესტრში ბიძინას რომ არასდროს შეიყვანენ ამ წესით, ესეც ფაქტია.

ეს სტატუსი უნდა დაადგინოს სპეციალურმა დამოუკიდებელმა კომისიამ. ეს ერთი ჩანაწერი წყვეტს ყველა პრობლემას. კომისიის ფორმირების წესი სხვა თემაა და ახლა ამ დეტალებზე არ ღირს საუბარი.

„ქართულ ოცნებაში“ უკვე კანონის მიღებამდე დაადგინეს, რომ ბიძინა ივანიშვილი თურმე არ ერევა ხელისუფლების ფორმირებაში და პრემიერ-მინისტრს და მინისტრებს პარტიის პოლიტსაბჭო ნიშნავს, მაგალითად, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და აწ უკვე ქუთაისის უნივერსიტეტის პრორექტორი ქალბატონი ტიკარაძე. ამას ევროკავშირი კი არა საბავშვო ბაღის მოსწავლეთა კავშირიც არ დაიჯერებს,“ - განაცხადა გოცირიძემ.

პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას იწყებს. მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონის პროექტზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იმსჯელებენ.