რუსული მხარე: საბოლოო გადაწყვეტილება რუსეთისთვის "მისტრალის" გადაცემაზე აპრილის ბოლომდე უნდა იქნეს მიღებული

საბოლოო გადაწყვეტილება საფრანგეთის მიერ რუსეთისთვის ვერტმფრენმზიდ "მისტრალის" გადაცემასთან დაკავშირებით აპრილის ბოლომდე უნდა იქნეს მიღებული.

ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, "როსობორონექსპორტის" ხელმძღვანელმა, ანატოლი ისაიკინმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ დროისათვის მოსკოვსა და პარიზს შორის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს და იმ შემთხვევაში, თუ საფრანგეთი რუსეთს "მისტრალს" არ გადასცემს, მაშინ იძულებული იქნება მოსკოვს გადახდილი თანხა დაუბრუნოს. "თანხა, რომელიც რუსეთმა მისტრალის საყიდლად გადაიხადა სრულად უნდა ანაზღაურდეს, ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ. დამატებითი პროცენტიც უნდა გადაიხადონ. ეს ყველაფერი კონტრაქტში წერია", - განაცხადა ანატოლი ისაიკინმა.

კონტრაქტი მოსკოვსა და პარიზს შორის "მისტრალის" გადაცემასთან დაკავშირებით 2011 წელს გაფორმდა. პირველი ვერტმფრენმზიდი რუსეთს 2014 წელს უნდა გადასცემოდა, თუმცა, საფრანგეთი ამ დრომდე თავს იკავებს ამ გადაწყვეტილების მიღებისგან. მიზეზად კი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ასახელებს. გასულ თვეს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ მოსკოვს ჯერ ის პირობები არ დაუკმაყოფილებია, რაც საჭიროა ვერტმფრენმზიდის გადასაცემად.