"შეხვედრები გაიმართება ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან, მთავრობის წარმომადგენლებთან და ასევე აბუ-დაბის საამიროს მსხვილი საფინანსო კორპორაციის ხელმძღვანელობასთან"

შეხვედრები გაიმართება ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან, მთავრობის წარმომადგენლებთან და ასევე აბუ-დაბის საამიროს მსხვილი საფინანსო კორპორაციის ხელმძღვანელობასთან. განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის დღევანდელი სტატუსი და მისი განვითარების მომავალი პერსპექტივები. რა თქმა უნდა, საუბრის ძირითადი თემა იქნება ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა, - ამის შესახებ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პაატა კალანდაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვან პერიოდში ხორციელდება.

„არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვან პერიოდში ხორციელდება, რადგან წელს ორი ქვეყანა ზეიმობს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს, რომელიც მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს შესრულდა. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს გახლავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მას შემდეგ, რაც ქალაქ აბუ-დაბიში 2020 წელს გაიხსნა საქართველოს საელჩო,“- აღნიშნა ელჩმა.

ელჩის კომენტარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.