საბურთალოს რაიონში, ოთხ მისამართზე 124 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, ოთხ მისამართზე, ავტოფარეხების ნაცვლად, კეთილმოწყობილი სივრცეები იქნება. ცინცაძის ქ. N42, შარტავას ქ. N4-6, დოლიძის ქ. კორპუსი N28-სა და ფანჯიკიძის N10-ის მოსახლეობის სურვილით, ჯამში, 124 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა.

მათივე ცნობით, ცინცაძის ქ.42-ის მიმდებარედ არსებული სივრცე უკვე კეთილმოეწყო, სადაც რამდენიმე ავტოფარეხი სკვერის ტერიტორიაზე იყო შეჭრილი. პროექტის მიხედვით, მოეწყო განათების სისტემა, ბავშვებისთვის ატრაქციონები დამონტაჟდა და დაიდგა საპარკე ინვენტარი.

დასრულებული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა ავთანდილ ცინცაძემ და საკრებულოს წევრმა ლევან არველაძემ დაათვალიერეს.

„მსგავსი პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ადგილობრივ მოსახლეობას მადლობა გადავუხადო და ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ იმისთვის, რომ ავტოფარეხების ადგილზე კიდევ არაერთი ლამაზი დასასვენებელი სივრცე მოეწყოს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

მერიის ცნობით, სივრცის მოწყობისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 151 501 ლარი დაიხარჯა.

ასევე, დოლიძის ქ. კორპუსი N 28 და ფანჯიკიძის ქ. N 10-ში მოსახლეობასთან შეთანხმებით ეზო კეთილმოეწყო. ორივე მისამართზე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები და დაიგო ასფალტის საფარი. ფანჯიკიძის ქუჩაზე საბავშვო სივრცეც მოეწყო. ამ დროისთვის, დოლიძეზე დარჩენილია გამწვანების სამუშაოები.

ასევე, საბურთალოს გამგებელი შარტავას ქ. N4-6-ში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და პირველ ეტაპზე, დაიგეგმა წყალარინების მოწესრიგება და ეზოს მოასფალტება, რის შემდეგაც სპორტული მოედანი და სკვერი მოეწყობა.