2015 წლის სუპერთასთან დაკავშირებული რეკლამა ან მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უეფა-ს ნებართვის გარეშე აკრძალული იქნება

2015 წლის სუპერთასის და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, უეფა-ს ნებართვის გარეშე, ნებისმიერი რეკლამა ან სხვა ქმედება იკრძალება.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, პარლამენტს განსახილველად "რეკლამის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები წარედგინა. პროექტის გათვალისწინებით, ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (უეფა) 2015 წლის სუპერთასის და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, იკრძალება, უეფა-ს ნებართვის გარეშე, ნებისმიერი რეკლამა ან სხვა ქმედება, რომელიც ხორციელდება არაუფლებამოსილი მესამე პირების მიერ, უეფა-ს რეპუტაციით სარგებელის მიღების მიზნით. ასევე იკრძალება მატჩზე დასასწრები ბილეთების უეფა-ს ნებართვის გარეშე გაყიდვა ან ნებისმიერი სახის კომერციულ ღონისძიებაში გამოყენება.

2015 წლის 11 აგვისტოს თბილისში, "დინამო არენაზე" უეფა-ს სუპერთასის მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებულები შეხვდებიან.