საქართველოში გაცილებით დიდი ნაკადი წამოვა და ბევრად უფრო იაფი, რადგან რუსეთს წელს ხორბლის არნახული მარაგი აქვს - გიორგი ხანიშვილი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ბიზნესი ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის და ეს მხოლოდ ხორბალს არ ეხება. ამის შესახებ გიორგი ხანიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუკი რუსეთი ხორბლით შანტაჟს გააგრძელებს და არ გაყიდის, არის თუ არა საქართველო მზად ამისთვის.

„საქართველოს ბიზნესები, რა თქმა უნდა, ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის და ეს მხოლოდ ხორბალს არ ეხება“,- დასძინა მან.

როგორც გიორგი ხანიშვილმა გადაცემაში განაცხადა, ქართული ბიზნესი არის „თავისუფალი, მოქნილი და რესურსებით აღჭურვილი, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ის მარტივად პოულობს გამოსავალს და მიდის სხვადასხვა ბაზარზე“.

ასევე, წამყვანმა მინისტრის მოადგილეს "მარცვლეულის შეთანხმებიდან" რუსეთის გასვლის კოტექსტში დაუსვა კითხვა, „ემზადებით თუ არა ყველაზე უარესი სცენარისთვის, როდესაც რუსეთი საბოლოოდ გამოიჯახუნებს კარს და დააპატიმრებს უკრაინული ხორბლით დატვირთულ გემებს?“

ხანიშვილის თქმით, თუკი რუსეთი „კარს გამოიჯახუნებს“ და მსოფლიოს უკრაინული ხორბალს არ მიაწვდის, საქართველოში გაცილებით იაფი ხორბალი წამოვა, რადგან თავად რუსეთს ხორბლის „არნახული მარაგი“ აქვს.

„მე პირიქით ვფიქრობ, რომ თუ რუსეთი ძალიან გამოიჯახუნებს კარებს და მსოფლიოს ხორბალს აღარ მიაწვდის, საქართველოში ხორბლის გაცილებით დიდი ნაკადი წამოვა და ბევრად უფრო იაფი იმიტომ, რომ რუსეთს მიმდინარე წელს აქვს ხორბლის არნახული მარაგი. მოსავალი, რომელიც მას ტრადიციულად ჰქონდა, ეს არის 75 მილიონი ტონა, ხოლო მიმდინარე წელს აქვს 110 მილიონი ტონა. დაახლოებით 35 მილიონი ტონით მეტი ხორბალი, ვიდრე გასულ წლებში და ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაზე რთული პერიოდი ხორბლის თვალსაზრისით, ჩემი აზრით, უკვე უკან უნდა იყოს დარჩენილი.

ჩვენ გვახსოვს პერიოდი, როდესაც მსოფლიოში შეიმჩნეოდა ხორბლის მარაგის ნაკლებობა, ახლა ხორბლის მარაგის ნაკლებობა არ არის, საკმაოდ ჭარბი მოსავალია, მიუხედავად უკრაინის ომისა და უკრაინის წარმოების შემცირებისა. ჯამურად ეს მოსავალი მაინც მეტია“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.