2022 წელს რუსი მილიარდერების ქონება 83,4 მლრდ დოლარით შემცირდა - ვინ „გაღარიბდა“ ყველაზე მეტად

Bloomberg-ის Billionaires Index-ის თანახმად, 2022 წელს რუსმა მილიარდერებმა 83,4 მილიარდი დოლარი დაკარგეს. ყველაზე მდიდარი ბიზნესმენების რაოდენობა კი წლის განმავლობაში 3 მილიარდერით შემცირდა. კერძოდ, Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში ნოემბრის მდგომარეობით სულ 24 ბიზნესმენია, მაშინ, როცა წინა თვეს 27 იყო.

ცნობისათვის, Bloomberg Billionaires Index-ში შეყვანილია მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარი ადამიანი. რეიტინგი გამოითვლება კომპანიებში მილიარდერების წილების ღირებულებიდან. Bloomberg-ი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგს 2012 წლიდან აქვეყნებს.

Bloomberg-ის თანახმად ყველაზე დიდი ქონება წლის დასაწყისიდან დღემდე დაკარგა რუსმა მილიარდერმა ვიქტორ ვეკსელბერგმა, ჯამში 11,2 მილიარდი დოლარი. ამჟამად მისი ქონება შეფასებულია 7,3 მილიარდ დოლარად. Bloomberg-ის რეიტინგში ერთადერთი რუსი მილიარდერი, რომელმაც ამ დროის განმავლობაში თავისი ქონების გაზრდა მოახერხა, იყო ანდრეი გურიევი (+2,12 მილიარდი დოლარი).

როგორც RBC წერს, რუს მილიარდერებს შორის ყველაზე დიდი ქონების მფლობელი არის ვლადიმერ პოტანინი, „ნორნიკელის“ სამთო და მეტალურგიული კომპანიისა და ჰოლდინგის „ინტერროსის“ პრეზიდენტი. წლის დასაწყისიდან მან დაკარგა 1,08 მილიარდი დოლარი, ხოლო მისი ქონება 29,8 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

NOVATEK-ის საბჭოს თავმჯდომარის ლეონიდ მიხელსონის ქონება ნოემბრის დასაწყისისთვის 5 მილიარდი დოლარით 27,4 მილიარდ დოლარამდე შემცირდა; „სევერსტალის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ალექსეი მორდაშოვმა 7,8 მილიარდი დოლარი დაკარგა, მისი ქონება შემცირდა 21,1 მილიარდი დოლარამდე.

ოქტომბერში რუსი მილიარდერების სიაში მეოთხე ადგილზე იყო NLMK-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ვლადიმერ ლისინი, რომელმაც წლის დასაწყისიდან 7,8 მილიარდი დოლარი დაკარგა, ხოლო მისი ქონება 20,2 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. LUKOIL-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა ვაგიტ ალეკპეროვმა 1,86 მლრდ დოლარი დაკარდა და ამ დროისთვის მისი ქონება 19,9 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.