„DRG სისტემის მთავარ უარყოფით მხარედ ადრე გაწერა ითვლება“ - რა იცვლება პაციენტებისთვის დღეიდან

დღეიდან კლინიკების დაფინანსების მექანიზმი შეიცვალა. რა იცვლება პაციენტებისთვის და როგორი იქნება სახელმწიფოს მხრიდან საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დაფინანსების მექანიზმი, რადიო ,,პალიტრასა" და ,,პალიტრანიუსის" გადაცემაში ,,საქმე" "ჯეო ჰოსპიტალსის" საოპერაციო დირექტორმა მაია ხომერიკმა ისაუბრა.

მისი თქმით, ახალი სისტემა კლინიკების კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს.

„დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსება არ არის ახალი მეთოდოლოგია. ამ მეთოდოლოგიით დაფინანსება 80-იანი წლებიდან ხდება აშშ-ში. საქართველომ აირჩა განსხვავებული DRG ტიპი. ჩვენთან დაფინანსება მოხდება იმ კლასიფიკატორებზე დამყარებული მეთოდოლოგიით, რომელსაც კლინიკები ვიყენებთ 2010 წლიდან. ეს სიახლესთან ინტეგრირებას გაგვიადვილებს. პლიუსია ისიც, რომ ყველა კლინიკა დაფინანსებას მიიღებს ერთგვაროვნად. ეს გაზრდის ხარისხზე ორიენტირებას. ვინც შეძლებს რესურსები ოპტიმალურად ისე გადაანაწილოს, რომ ხარისხი გაზარდოს, ბევრად პოპულარული იქნება პაციენტებს შორის. ჩვენ გვექნება იდენტური კონკურენტული გარემო.

არა მხოლოდ საქართველოში, ზოგადად საერთაშორისო პრაქტიკითაც drg სისტემის მთავარ უარყოფით მხარედ ადრე გაწერა ითვლება. თუმცა, იმდენად რამდენადაც სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში არის განმეორებითი ჰოსპიტალიზაციის არდაფინანსების სანქცია, ამის გათვალისწინებით ყველა კლინიკა ვეცდებით მობილიზაცია მოვახდინოთ მკურნალობაზე, რომ შემდგომ პაციენტის რეჰოსპიტალიზაცია არ მოხდეს და ამ მხრივ ფინანსური ზარალი არ მივიღოთ. თუმცა, შეიძლება, რომ კარგი და ხარისხიანი მკურნალობის ფონზე გარკვეული საწოლ დღეების დაყოვნება შემცირდეს. დაყოვნების დღეების შემცირება ნაკარნახევია იმით, რომ ბრუნვა გაიზარდოს. თუმცა, აუცილებლად მოხდება საჭირო მომსახურების უზრუნველყოფა. ჩვენი მამოძრავებელი პაციენტზე ორიენტირება იქნება“, - განაცხადა მაია ხომერიკმა ,,საქმეში".

ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღეში, DRG მეთოდოლოგიით, საბაზისო ტარიფის მიხედვით, გამოითვლება კონკრეტულ სამედიცინო ჩარევაზე ტარიფი - პაციენტის კლინიკაში შესვლიდან მკურნალობის და კლინიკიდან გაწერის ჩათვლით. ეს ნიშნავს იმას, რომ პაციენტებს კლინიკის მიერ წარდგენილ და სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფასებს შორის სხვაობის დაფარვა აღარ მოუწევთ. რეგულაცია ძალაში დღეს შევიდა.

თამარ მუკბანიანი