„უკრაინულ ხორბალს სრულად ჩავანაცვლებთ“ - რა სურს პუტინს „მარცვლეულის შეთანხმების“ შეჩერებით

რუსეთის გამოსვლამ შეთანხმებიდან, რომელიც შავი ზღვის პორტებიდან კრიტიკულად მნიშვნელოვანი მარცვლეულის ექსპორტისთვის უსაფრთხო კორიდორის შექმნას უზრუნველყოფს, მსოფლიოში სურსათის მიწოდებასთან დაკავშირებით ვნებათაღელვა გამოიწვია.

მოსკოვში ამბობენ, რომ შეთანხმებაში მონაწილეობის შეწყვეტის მიზეზი უკრაინის მიერ ყირიმში სევასტოპოლის პორტზე დრონებით თავდასხმაა, რასაც, თავის მხრივ, კიევი არ ადასტურებს.

ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა, ასევე ევროკავშირმა, NATO-მ და გაერომ უკვე მოუწოდეს რუსეთს, შეცვალოს მიღებული გადაწყვეტილება, რამეთუ უკრაინიდან ექსპორტის ნებისმიერი დონით შემცირებას, შესაძლოა, მძიმე შედეგები მოყვეს.

რა მნიშვნელობა აქვს „მარცვლეულის შეთანხმებას“ მსოფლიოსთვის

შეთანხმება გაეროსა და თურქეთის შუამდგომლობით ივლისში იქნა მიღწეული და მას შემდეგ, უკრაინისკენ თუ უკრაინიდან მოძრავი გემები, რომლებსაც ხორბალი, სასუქი და სხვა პროდუქტები გადააქვთ, ოთხივე მონაწილე მხარის მონიტორინგის ქვეშაა.

მემორანდუმის მიხედვით, რუსეთიდან სასუქისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტი სანქციებისგან დაცული უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირისა და აშშ-ს ემბარგოები ამ პროდუქციაზე არ ვრცელდება, ფინანსურ ინტიტუტებსა და რუსეთთან დაკავშირებულ ხომალდებზე დაწესებული სანქციები მაინც ზღუდავს ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობებს.

ამ შეთანხმებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს უკრაინისთვის, რომელიც, გაეროს თანახმად, 45 მილიონ ტონა ხორბალს აწვდის მსოფლიოს ყოველწლიურად და 5 უმსხვილეს ექსპორტიორს შორისაა. შავი ზღვის პორტების საშუალებით ქვეყანა ექსპორტის 90%-ს ახორციელებს.

რუსული და უკრაინული ხორბლის იმპორტზე განსაკუთრებით დამოკიდებულები არიან აფრიკის ღარიბი ქვეყნები, იემენი, ალჟირი, ბანგლადეში, ვიეტნამი და სხვ. გაეროს თანახმად, შეთანხმების მიღწევის შემდეგ 9.2 მილიონი ტონა მარცვლეული იქნა ექსპორტირებული და ფასების შემცირებამ 100 მილიონამდე ადამიანი დაიცვა უკიდურესი სიღარიბისგან.

რატომ შეაჩერა შეთანხმება კრემლმა და რა მოტივები აქვს პუტინს?

მოსკოვი ხელშეკრულების შეწყვეტით უკვე დიდი ხანია იმუქრება, რადგან, როგორც კრემლში ამბობენ, შეთანხმებამ ვერ მოუტანა დაპირებული სარგებელი ქვეყანას ხორბლისა და სასუქის ექსპორტის კუთხით.

შეთანხმების შეჩერებიდან მალევე რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, რომ ქვეყანა მზადაა სრულად ჩაანაცვლოს უკრაინული ხორბალი მსოფლიო ბაზარზე.

„წლევანდელი მოსავლის გათვალისწინებით, რუსეთის ფედერაცია მზადაა, რომ სრულყოფილად ჩაანაცვლოს უკრაინული ხორბალი და მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ მხარეს ხელმისაწვდომ ფასად. რუსეთი ყოველთვის იყო და იქნება სანდო პარტნიორი და შეუძლია 500,000 ტონა მარცვლეულის მიწოდება ყველაზე ღარიბი ქვეყნებისთვის მომდევნო 4 თვის განმავლობაში. ამას კი გავაკეთებთ ჩვენი პარტნიორის, თურქეთის დახმარებით“, - თქვა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დიმიტრი პატრუშევმა და დაამატა, რომ უკრაინული ხორბალი მხოლოდ დასავლეთის ქვეყნებისთვისაა განკუთვნილი და ღარიბი ქვეყნების საჭიროებებს არ უზრუნველყოფს.

მოგვიანებით, ვლადიმერ პუტინმა თქვა და გაერომაც დაადასტურა, რომ რუსეთი არათუ ტოვებს შეთანხმებას, არამედ დრობით წყვეტს მასში მონაწილეობას. კრემლში განაცხადეს ისიც, რომ რუსეთს სურს მიიღოს გარანტიები, რომ უკრაინა არ გამოიყენებს ჰუმანიტარულ კორიდორსა და პორტებს რუსეთზე თავდასხმებისთვის. უკრაინაში ეს გამოგონილ საბაბად მიაჩნიათ.

დასავლეთში კი ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ რუსეთი მარცვლეულს, ისევე როგორც ენერგორესურსებს, პოლიტიკურ იარაღად იყენებს და მისი მიზანია, რომ უკრაინას, რომლისთვისაც უკიდურესად მნიშვნელოვანია ექსპორტით მიღებული შემოსავალი, ამ კუთხითაც მიაყენოს ზიანი.

გადაწყვეტილება ემთხვევა უკრაინაში რუსული არმიის ბოლოდროინდელ წარუმატებლობებსაც - დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიმს კლევერლის მიაჩნია, რომ შეთანხმების შეჩერება შურისძიებაა ამ წარუმატებლობების გამო.

კრემლის რიტორიკა, განცხადებები და ქმედებები საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ შეთანხმების შეჩერება ერთგვარი შანტაჟია, რომლის საშუალებითაც რუსეთს მეტი გარანტიების მიღება სურს საკუთარი პროდუქციის და მათ შორის, უკრაინიდან მოპარული ხორბლის საექსპორტოდაც.

ნიშნავს თუ არა რუსეთის გასვლა შეთანხმების სრულად შეწყვეტას

რუსეთის მიერ შეთანხმებიდან გამოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინიდან ექსპორტი ვეღარ განხორციელდება. დარჩენილი მხარეები მზად არიან მემორანდუმის გასაგრძელებლად და კორიდორის ფარგლებში გემებს მოძრაობა კვლავ შეუძლიათ.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ქვეყანა ეცდება შეთანხმების დაცვას და მიაწოდებს ხორბალს იმ ქვეყნებს, რომელთა მოსახლეობაც შიმშილის ზღვარზეა. გასაკვირი არაა, რომ რუსეთში ამას სკეპტიკურად უყურებენ - როგორც კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რუსეთის მონაწილეობის გარეშე ამგვარი შეთანხმება ძნელად განხორციელებადია.

რუსეთის მიერ შეთანხმებიდან განუსაზღვრელი ვადით გასვლის მიუხედავად, 31 ოქტომბერს შავი ზღვის პორტები 12-მა უკრაინულმა სატვირთო ხომალდმა დატოვა და რეკორდული რაოდენობის, 354,500 ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გადაიზიდა. ამასთან, საწინააღმდეგო მიმართულებით, ნავსადგურებში 4-მა გემმა შეძლო შესვლა, თუმცა, უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლების თანახმად, გადაადგილება, შესაძლოა, ათეულობით ხომალდს შეეზღუდოს.

წესით, შეთანხმების ვადა 120 დღე იყო და ნოემბრის შუა რიცხვებში უნდა განახლებულიყო. ახლა ყურადღება სწორედ იმაზე იქნება მიპყრობილი, თუ რას გადაწყვეტენ დარჩენილი მხარეები - განაახლებენ თუ არა შეთანხმებას რუსეთის გარეშე.

ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თურქეთის ნებაზეც, რომელსაც სურს რეგიონული ლიდერი იყოს. შესაბამისად, ქვეყნის გადაწყვეტილებამ, რუსეთის გარეშე გააგრძელოს შეთანხმებაში მონაწილეობა, შესაძლოა, მისი სტატუსი კიდევ უფრო გაამყაროს. თუმცა ამ ეტაპზე არც ისაა გამორიცხული, რომ რუსეთი შეთანხმებას კვლავ დაუბრუნდეს.

კახი ჩაკვეტაძე