კახა კალაძე მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ - გულდასაწყვეტია, რომ არსებობს ასეთი უპასუხისმგებლო კომპანიები

დაგვიანება კატეგორიულად მიუღებელია, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ არსებობს ასეთი უპასუხისმგებლო კომპანიები, რომლებიც ჯეროვნად ვერ ასრულებენ შესაბამის სამუშაოებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ საუბრისას განაცხადა.

როგორც კახა კალაძე განმარტავს, ამ ყველაფერს მათი მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია. მიმდინარეობს შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტის მონტაჟი და ასევე ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები. იცით, რომ აღნიშნულ სამუშაოებს ასრულებდა შპს „მამისონი“, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა. კარგად მესმის, რომ ბაქნის მთლიანი ცვლილება მოგვიწია, რაც პროექტში არ იყო გათვალისწინებული, ავარიულობიდან გამომდინარე მოხდა ამ სამუშაოს ჩატარება, თუმცა, ის დაგვიანება კატეგორიულად მიუღებელია. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ არსებობს ასეთი უპასუხისმგებლო კომპანიები, რომლებიც ჯეროვნად ვერ ასრულებენ შესაბამის სამუშაოებს და ეს ყველაფერი ჩემზე აისახება, თანაგუნდელებზე, ვინც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა ქალაქი უკეთესობისკენ შეიცვალოს. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ასეთი კომპანიები არსებობს და ამას ჩვენი მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“,- აღნიშნავს კალაძე.