ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო

"მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო.

რაც შეეხება ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალდებულებს, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილს, მათ მიმართაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დარჩა, რომლის მიხედვითაც, კახაბერ დამენიას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული ჰქონდა, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს.

პროკურატურა სამივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოყენებას, დაცვის მხარე კი, მათ გამართლებას ითხოვდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარია და კახაბერ დამენია დამნაშავედ იქნა ცნობილი, ზურაბ იაშვილი კი წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა. ნიკა გვარამია ამავე გადაწყვეტილების მიხედვით, ცნობილი იქნა, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში, რომელიც "პორშესა" და 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდს ეხებოდა.

კახა დამენიას, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვას გულისხმობს, 220-ე მუხლით, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, გადაკვალიფიცირდა და მას ჯარიმა 50 000 ლარი დაეკისრა.

ზურაბ იაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე და 362-ე მუხლებით უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, რაც კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას გულისხმობდა.

გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა.

ნიკა გვარამიას ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედებოდა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება ჰქონდა შეზღუდული.

კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედებოდა, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. მას ასევე, აკრძალული ჰქონდა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედებოდა კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში.

იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული.