თბილისის რომელ მარშუტებზე იმოძრავებს 18-მეტრიანი ავტობუსები? – „შესყიდვის პროცედურები უახლოეს პერიოდში დაიწყება“

თბილისის მერია 200 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სესხით აღარ შეისყიდის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ახალი ავტობუსების შესყიდვა საბიუჯეტო სახსრებით მოხდება.

კალაძის თქმით, შესყიდვის პროცედურები უახლოეს პერიოდში დაიწყება. ის ითვალისწინებს 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანას 2023-2024 წლებში და ავტობუსებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.

„აღნიშნულ საკითხზე უკვე მუშაობენ მერიის შესაბამისი სამსახურები, განსაკუთრებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია და უახლოეს პერიოდში დაიწყება შესყიდვის პროცედურები, რაც ითვალისწინებს 2023-2024 წლებში, თბილისში 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანას და ამ ავტობუსებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ცხადია, ეს ავტობუსები ყველა ქუჩაზე ვერ იმოძრავებენ, თავისი ზომებიდან და გაბარიტებიდან გამომდინარე. ამდენად, კონკრეტულ ქუჩებზე ყველაფერს ისე მოვაწესრიგებთ, რომ ამ ავტობუსებმა გადაადგილება შეუფერხებლად შეძლონ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მერიის ინფორმაციით, შემუშავებულია 10 სატრანსპორტო დერეფანი, სადაც დაგეგმილია 18-მეტრიანი ავტობუსის მოძრაობა. კერძოდ, ეს 10 სატრანსპორტო დერეფანია:

  • 1-ლი დერეფანი - ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა - გაბრიელ სალოსის ქუჩა;
  • მე-2 დერეფანი - უნივერსიტეტის ქუჩა - მოსკოვის გამზირი;
  • მე-3 დერეფანი - თამარაშვილის ქუჩა - მოსკოვის გამზირი;
  • მე-4 დერეფანი - ჭავჭავაძის გამზირი - ხიზანიშვილის ქუჩა;
  • მე-5 დერეფანი - ვაჟა-ფშაველას გამზირი - ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა;
  • მე-6 დერეფანი - უნივერსიტეტის ქუჩა - კუპრაძის ქუჩა;
  • მე-7 დერეფანი - ხიზანიშვილის ქუჩა - კუპრაძის ქუჩა;
  • მე-8 დერეფანი - დემეტრე თავდადებულის ქუჩა - სადგურის მოედანი;
  • მე-9 დერეფანი - დემეტრე თავდადებულის ქუჩა - უნივერსიტეტის ქუჩა;
  • მე-10 დერეფანი - ხიზანიშვილის ქუჩა - უნივერსიტეტის ქუჩა.
თაია არდოტელი