ირაკლი ლექვინაძე თბილისის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-12 ფორუმში მონაწილეობს

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე თბილისის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-12 ფორუმში მონაწილეობს. ინფორმაციას საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორდღიანი ღონისძიება - „მდგრადი ეკონომიკური აღდგენა“ თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით იმართება.

„შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები ურბანული განვითარების პერსპექტივებსა და თანამედროვე ტენდენციებს განიხილავენ. ღონისძიების მიზანი გამოცდილების, თანამედროვე მიდგომებისა და იდეების გაზიარებაა, რომელიც თანამშრომლობის ჩამოყალიბებისა და ქალაქების განვითარების მდგრად და გრძელვადიან პერსპექტივას ქმნის. ფორუმის თემატიკა ურბანული განვითარების თანამედროვე ტენდეციებსა და საჭიროებებს მოიცავს, რომელიც ქალაქების სრულ ჩართულობასა და პროაქტიურ ქმედებებს მოითხოვს.

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი 2007 წლიდან იმართება, რომლის ფარგლებშიც, დედაქალაქი ყოველწლიურად, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს მასპინძლობს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.