„გოცირიძის“ მეტროსადგურის სამუშაოების დაგვიანების გამო „მამისონი“ 600 ათას ლარამდე დაჯარიმდა - „გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება მისაღები“

„ძალიან გულდასაწყვეტია, რომ არსებობს ასეთი უპასუხისმგებლო კომპანიები, რომლებიც ჯეროვნად ვერ ასრულებენ შესაბამის სამუშაოებს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ საუბრისას განაცხადა.

„იცით, რომ აღნიშნულ სამუშაოებს ასრულებდა შპს „მამისონი“, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა. კარგად მესმის, რომ ბაქნის მთლიანი ცვლილება მოგვიწია, რაც პროექტში არ იყო გათვალისწინებული, ავარიულობიდან გამომდინარე მოხდა ამ სამუშაოს ჩატარება, თუმცა, ის დაგვიანება კატეგორიულად მიუღებელია,“-აღნიშნა კალაძემ.

მეტროსადგურის „გოცირიძე“ სარეაბილიტაციო სამუშაოებითან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემაც. მისივე თქმით, კომპანია „მამისონს“ დაგვიანების გამო სოლიდური ჯარიმა აქვს გამოწერილი.

„შპს „მამისონს“ მეტროსადგურ „გოცირიძესთან“ დაკავშირებით სოლიდური ჯარიმა აქვს გამოწერილი 600 ათას ლარამდე. მნიშვნელოვანი დაგვიანება აქვს. უკვე დაახლოებით, 4-5 თვეა დაგვიანება, რაც მიუღებელი და ძალიან ცუდია, რადგან საქმე ეხება მეტროსადგურს, რომელიც ამის გამო მგზავრებს ვერ ემსახურება.

რაც შეეხება „ვარკეთილის“ მეტროსადგურში სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია იქაც „მამისონია“, ამასთან დაკავშირებით სჯობს მერს დაუსვათ კითხვა. ცხადია გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება მისაღები ამ კომპანიასთან მიმართებით,“- აღნიშნა ხმალაძემ

თაია არდოტელი