თურქმენეთი საქართველოს გავლით გაზსადენის მშენებლობას განიხილავს

თურქმენეთი კასპიის ზღვიდან საქართველოს გავლით ევროპისკენ მიმავალი გაზსადენის მშენებლობას დღის წესრიგში ტოვებს. ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრემიერ შაჰიმ აბდრახმანოვმა ADIPEC-ის კონფერენციაზე განაცხადა, რასაც „ინტერფაქს-აზერბაიჯანი“ ავრცელებს.

მისი თქმით, „ტრანსკასპიური პროექტი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა.“ ვიცე-პრემიერი განმარტავს, რომ ეს პროექტი აზერბაიჯანის გავლით საქართველოში, ხოლო შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებს.

შაჰიმ აბდრახმანოვის მონაცემებით, თურქმენეთის პოტენციური რესურსები 71,2 მილიარდ ტონა ნავთობის ეკვივალენტს შეადგენს, საიდანაც 53 მილიარდი ტონა ხმელეთზე, 18,2 მილიარდი ტონა კი ზღვაშია. დღეისთვის 190-ზე მეტი ნავთობისა და გაზის საბადო არის აღმოჩენილი.

ყველაზე დიდი, გალკინიშის საბადოს მარაგი, მიმდებარე სტრუქტურებით, 27,4 ტრილიონი კუბური მეტრი გაზით არის შეფასებული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ