დავით გაბაიძე - პირველად ჩვენი რეგიონის ისტორიაში, რესპუბლიკური ბიუჯეტი 507 მილიონ ლარს აჭარბებს

პირველად ჩვენი რეგიონის ისტორიაში, რესპუბლიკური ბიუჯეტი 507 მილიონ ლარს აჭარბებს და ველოდებით კიდევ უფრო კარგ საპროგნოზო მაჩვენებლებს, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომელზეც პირველ საკითხად 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი განიხილეს.

საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარინე გვიანიძის განცხადებით, კანონის პროექტი და მისი თანმდევი პრიორიტეტების დოკუმენტი უმაღლეს საბჭოში კანონით განსაზღვრულ ვადაში შემოვიდა და შესაბამისი მოხსენებებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - ჯაბა ფუტკარაძე წარდგება.

ბიუროს გადაწყვეტილებით, კანონის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი განსახილველად კომიტეტებში ჩაეშვა, განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

„განხილვის პროცედურები იწყება 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვასთან დაკავშირებითაც.

სხდომის ბოლო საკითხი, რომელიც უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებებს ითვალისწინებს, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, რეგლამენტის პროექტში გაწერილი ორი ცვლილება ღია მმართველობის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებებია და თემატური მოკვლევის საკითხის ინსტიტუციონალიზაციასა და ონლაინმექანიზმებით, უმაღლესი საბჭოს საზედამხედველო საქმიანობაში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდას ითვალისწინებს.

ბიურომ მხარი დაუჭირა რეგლამენტის პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.