ნინო თანდილაშვილი იაპონურ ბიზნესფორუმში მონაწილეობდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი იაპონია-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე საიუბილეო წლის აღსანიშნავად საქართველოში გამართულ იაპონურ ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ბიზნესფორუმის მიზანი იაპონია-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება და ფორუმის მონაწილე ქვეყნების ბიზნესწარმომადგენლებს შორის კავშირის დამყარება იყო.

ნინო თანდილაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობისთვის იაპონიის საელჩოს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იაპონიის მთავრობა წლების განმავლობაში მხარს უჭერს საქართველოს სხვადასხვა გარემოსდაცვით საკითხებში.

„საქართველომ და იაპონიამ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს ერთობლივი საკრედიტო მექანიზმის (JCM) შექმნის შესახებ, რომლის ფარგლებშიც, იაპონია საქართველოსთან სათბური აირების ემისიების შემცირების მიმართულებით ითანამშრომლებს. საქართველო მიზნად ისახავს ახალ ტექნოლოგიებზე წვდომას და აქტივობების ეროვნულ დონეზე განხორციელებას. JCM-მა ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი ქვეყნების კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, სხვადასხვა გარემოსდაცვითი საკითხების მოსაგვარებლად“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ღონისძიების მონაწილეებმა მდგრადი ბიზნესგარემოს, რეგიონის სავაჭრო პოტენციალსა და ენერგეტიკული და კლიმატთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.

ბიზნესფორუმი საქართველოში იაპონიის საელჩოსა და საქართველოს ბიზნესასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.