რომელი ქვეყნები ეხმარებიან უკრაინას ყველაზე მეტად - კვლევა

გერმანულმა "კილის ინსტიტუტმა მსოფლიო ეკონომიკისთვის" 3 ოქტომბერს განაახლა მონაცემები, რომელიც ასახავს უკრაინის მიმართ 40 ქვეყნის ფინანსურ, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების სტატისტიკას 2022 წლის 24 იანვრიდან 3 ოქტომბრამდე პერიოდში.

ანგარიში მოიცავს ევროკავშირისა და G7-ის წევრ ქვეყნებს, ასევე ავსტრალიას, სამხრეთ კორეას, თურქეთს, ნორვეგიას, ახალ ზელანდიას, შვეიცარიას, ჩინეთს, ტაივანსა და ინდოეთს. კვლევაში შედის მთავრობათაშორისი გადარიცხვები, თუმცა, სანდო ინფორმაციის არარსებობის გამო, ის არ მოიცავს კერძო დონაციებსა თუ „წითელი ჯვრის“ მსგავს საერთაშორისო ორგანიზაციებს.

"კილის ინსტიტუტის" მონაცემებით ირკვევა, რომ ბოლო კვირებში განსაკუთრებით გაიზარდა დახმარების დაპირებები აშშ-ს მხრიდან, ევროპული ქვეყნები კი ამ მხრივ ვერ გამოირჩევიან. ამასთან, ევროკავშირის მიერ უკვე დაპირებული დახმარებაც უკრაინამდე ნელი ტემპით აღწევს.

ანალიზის მიხედვით, 4 აგვისტოდან 3 ოქტომბრამდე აშშ-მ 12 მილიარდი ევროს დახმარების გაცემის პირობა დადო, რაც საერთო მაჩვენებელს 52 მილიარდ ევრომდე გაზრდის. ევროკავშირის ქვეყნებმა და ინსტიტუციებმა დაპირებები მხოლოდ 1.4 მილიარდი ევროთი, 29 მილიარდამდე გაზარდეს.

უკრაინისადმი ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების საერთო მაჩვენებელი ქვეყნების ჯგუფების მიხედვით:

5v9addpw1pmlxo1e-bar-stacked-horizontal-figure-1-csv-1024x768-1667394068.png

ამჟამად, აშშ-ს დახმარება უკრაინისადმი თითქმის ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე ერთად აღებული ევროკავშირის ქვეყნებისა და ინსტიტუციების დახმარება. აღსანიშნავია ისიც, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების დახმარების უმეტესი ნაწილი სესხებს შეადგენს, აშშ-ს დახმარების უდიდესი ნაწილი კი გრანტებია.

რაც შეეხება კონკრეტულ ქვეყნებს, აშშ-სა და ევროპული ინსტიტუციების შემდეგ სიაში არიან შემდეგი ქვეყნები - დიდი ბრიტანეთი, გერმანია, კანადა, პოლონეთი, ნორვეგია, საფრანგეთი, იტალია და იაპონია.

უკრაინისადმი ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების მაჩვენებლები კონკრეტული ქვეყნების მიხედვით:

taubi41lxvwwkzex-bar-stacked-horizontal-figure-2-csv-final-1024x768-1667394110.png

უშუალოდ სამხედრო დახმარებით პირველ ადგილზე მყოფი აშშ-ს შემდეგ დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, გერმანია და კანადა მოდიან.

ამ მონაცემების გარდა, ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ უკრაინის დასახმარებლად საკუთარი სამხედრო ბიუჯეტის ყველაზე დიდი წილი ლატვიამ (41%), ესტონეთმა (37%), ლიეტუვამ (16.7%), პოლონეთმა (15%) და ლუქსემბურგმა (11.9%) დახარჯეს.

კახი ჩაკვეტაძე