უფრო იაფი, ვიდრე დღეს - რა სარგებელს მიიღებს მოსახლეობა ახალი ენერგოპროექტებიდან

ქვეყანაში ენერგოსექტორის განვითარება იგეგმება. კერძოდ, მთავრობა სულ მალე ენეგოპოექტების მხარდაჭერის გეგმას წარადგენს, რომელიც მომდევნო 3 წლის განმავლობაში ჯამში, 1500 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

რას გულისხმობს მთავრობის ინიციატივა და რა სარგებელის მოტანა შეუძლია ახალ პროექტებს მოსახლეობისთვის, ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

როგორც მან განმარტა, ახალი მიდგომით, დროის გარკვეულ პერიოდებში, ინვესტორებს ფასთა სხვაობას ბიუჯეტი დაუფარავს, რაც მათთვის გარანტიებს აჩენს. შესაბამისად, სექტორში ინვესტიციებს მოიზიდავს.

რაც შეეხება მოსახლეობისთვის სარგებელს, როგორც გია ბარამიძე ამბობს, ერთი ვარიანტით, ენერგო მომარაგების უსაფრთხოების ხარისხი უფრო მაღალ რეგისტრში ავა, მეორე ვარიანტით კი, ელექტროენერგია იქნება უფრო იაფი, ვიდრე დღეს.

„სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, თუ ამ იდეოლოგიით ვისარგებლებთ, ძალიან დროული იყო ამ განცხადების გაკეთება. მოდით, მთავარი მიზეზი ვთქვათ, რატომ მოვედით აქამდე. ალბათ, გახსოვთ, წლების წინ, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ინვესტირებადი დარგი ენერგეტიკა გახლდათ და მაშინ, როდესაც სამხრეთკავკასიური გაზსადენის რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობდა, შემოსული ინვესტიციების სადღაც 60-65% ენერგეტიკის დარგზე მოდიოდა. და, ინვესტორებიც საკმაოდ დიდი რაოდენობით გახლდათ. ჩვენ მაშინ გვქონდა ასეთი დებულება, რომ ინვესტორს ვაძლევდით გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებას. ამასთან დაკავშირებით, შემდგომ გარკვეული პრობლემები შეიქმნა, განსაკუთრებით, სავალუტო ფონდთან, ბიუჯეტს აწვება და ა.შ. და ეს ამოვიღეთ დღის წესრიგიდან. თუმცა, გარკვეული პრობლემები მაინც შეიქმნა. იმიტომ, რომ ზოგიერთს უკვე გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულებები, ჰქონდათ ჩადებული ეს მონაცემები და ახალი ინვესტორების რაოდენობამ საკმაოდ სერიოზულად იკლო.

შემდეგ შემოვიდა წახალისების გარკვეული ფორმა, თუ გახსოვთ, 5 მეგავატამდე 1,5 ცენტის დამატება და ა.შ. როგორც ჩანს, ამანაც სერიოზულად არ იმუშავა.

აქ უნდა დაგვეცვა ჩვენ ორი შუალედი, ერთი ინვესტორი, მეორე, ბიუჯეტი. თუ ადრე, დავუშვათ, გარანტირებული შესყიდვების ხელშეკრულებაში სიმძიმე ბიუჯეტზე გადადიოდა, ახლა საუბარია მხოლოდ ფასთა სხვაობის დაფარვაზე. ეს დოკუმენტი, ჯერ არ არის კითხვადი, მალე გამოვა და უფრო დეტალებში ვნახავთ. ზოგადად რომ ვთქვათ, ასეთი სიტუაციაა: ჰიდროელექტროსადგურებისთვის სახელმწიფო იღებს გარანტიას თავის თავზე, რომ წელიწადში 8 თვის განმავლობაში ფასთა სხვაობას დაფარავს, ქარის ენერგიისთვის - 10 თვის განმავლობაში, ხოლო, მზის ენერგიის შემთხვევაში, მთელი 12 თვის განმავლობაში. ანუ, აქ არის ისეთი მომენტი, რომ ინვესტორისთვის სასარგებლოა და ბიუჯეტისთვის არ არის ისე მძიმედ შესასრულებელი, როგორიც იყო წინა ხელშეკრულება. ეს შუალედი მოიძებნა და ვფიქრობ, იმუშავებს.

მოსახლეობისთვის ეს იქნება მნიშვნელოვანი, ერთი ვარიანტით, მისი ენერგო მომარაგების უსაფრთხოება ავა უფრო მაღალ რეგისტრში, მეორე, ჩვენ თუ მაქსიმალურად შევეცდებით, მოხმარებასა და გენერაციას შორის სხვაობის მინიმალიზაციას, ამ შემთხვევაში, უკვე საუბარი გვექნება, რომ შესაძლებელია ბაზარზე ელექტროენერგიის ფასი (გნებავთ გაზის) იყოს უფრო უკეთესი, ვიდრე დღეს. რასაკვირველია უფრო იაფი“,- განაცხადა გია არაბიძემ.

ნინი ქეთელაური