შალვა პაპუაშვილი საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე საპენსიო სააგენტოსა და საინვესტიციო საბჭოს ძირითადი მიმართულებები, გამოწვევები და რისკების მართვასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარდგენილ კანონპროექტს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელ ცვლილებებზე.

აღნიშნა, რომ მოცემული კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები შესაძლებლობას მისცემს სააგენტოს, უფრო ეფექტურად განახორციელოს დაგროვებითი საპენსიო სქემის მართვა და ადმინისტრირება და სათანადოდ იზრუნოს მონაწილეთა საუკეთესო ინტერესებზე.

შეხვედრაზე საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარის ანგარიშთან ერთად, საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარემ პარლამენტს, როგორც ანგარიშვალდებულ ორგანოს, გაწეული საქმიანობის ანგარიში წელიწადში ორჯერ წარუდგინოს.

პარლამენტის თავმჯდომარემ სააგენტოსთან თანამშრომლობის მზაობა გამოხატა და დაგროვებითი პენსიის წარმატებულ რეფორმაზე ისაუბრა.

შალვა პაპუაშვილმა სტუმრებს საპენსიო სისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.