რუსული ბაზრიდან უცხოური კომპანიების 42% გავიდა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ რუსული ბაზრიდან გასვლა უცხოური კომპანიების, დაახლოებით, 42%-მა გამოაცხადა, 40%-მა მუშაობა განაგრძო, ხოლო დანარჩენებმა შეაჩერეს ან შეზღუდეს თავიანთი საქმიანობა ქვეყანაში. ამის შესახებ გამოცემა Re:Russia-ს ანალიზში წერია, რომელიც უკრაინული პროექტის, LeaveRussia-ს შედარებით სრულ რეესტრს ეყრდნობა.

პროექტის მიხედვით, ოქტომბრის ბოლოსთვის 1271-მა კომპანიამ დატოვა ან ტოვებდა რუსეთის ბაზარს, რაც მიმდინარე წლის დასაწყისში რუსეთში მოქმედი უცხოური კომპანიების მთლიანი რაოდენობის 42%-ს შეადგენს. ყველაზე მასიურად რუსეთს დიდი ბრიტანეთის, ირლანდიის, ლიეტუვის, პოლონეთის, ფინეთისა და ჩეხეთის კომპანიები ტოვებენ. რუსეთში მოქმედი ამ კომპანიების 60% ბაზრიდან გავიდა. ამასთან, ქვეყანა დატოვა ამერიკული კომპანიების 53%-მა, ხოლო რუსეთიდან გასული უნგრული, გერმანული, იტალიური, ფრანგული და იაპონური საწარმოების მთლიანი რაოდენობა 30%-ს შეადგენს.

ფედერაციიდან წასული კომპანიების სპეციალიზაციაში განსხვავება შეინიშნება: რუსული ბაზრიდან, ძირითადად, ის კომპანიები გაქრა, რომლებიც IT და საკონსულტაციო საქმიანობას, ასევე, ონლაინ სერვისებს უკავშირდება. ამასთან, რუსეთში სამუშაოდ რჩება სოფლის მეურნეობის სფეროს საწარმოთა 91%, ფარმაცევტული სექტორის კომპანიების 88% და მეტალურგიული საწარმოების 79%.

წასული და გასვლის რეჟიმში მყოფი კომპანიების რუსული ბაზრის საერთო შემოსავალი წელიწადში, დაახლოებით, 120 მლრდ დოლარს შეადგენდა, ხოლო მათში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა 673 000 ადამიანი იყო. დარჩენილი კომპანიები რუსეთში, დაახლოებით, 175 მლრდ დოლარს გამოიმუშავებენ და 603 000 სამუშაო ადგილს უზრუნველყოფენ.

რუსული შემოსავლების თვალსაზრისით, უმსხვილესი კომპანიები, რომლებმაც ბაზრიდან გასვლა გამოაცხადეს, Volkswagen, Renault, Toyota და Daimler, ასევე, Apple და Pepsi არიან, ხოლო ქვეყანაში დარჩენილი ყველაზე დიდი კომპანიები Leroy Merlin, OSTC Group, Auchan და KIA Motors-ია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ