Bloomberg - ევროკომისია რუსეთის ბანკის გაყინული ევროპული აქტივების კონფისკაციის გზებს ეძებს

ევროკომისია იკვლევს შესაძლებლობას, თუ როგორ მოახმაროს რუსეთის ცენტრალური ბანკის მილიარდობით ევროს ღირებულების გაყინული აქტივები უკრაინის აღდგენას. ინფორმაციას Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პროცესი საწყის ეტაპზეა და ახლახან ბრიუსელმა იურიდიულ ექსპერტებს სხვადასხვა ვარიანტის განხილვა დაავალა, რადგან აქტივების კონტროლქვეშ მოქცევა იურიდიული თვალსაზრისით მეტად რთული და პოტენციურად საშიში პროცედურაა.

„უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეცხრე თვეს სანქციები ვერ აკავებს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მის ეკონომიკას აზიანებენ, ამიტომ ევროკომისია იკვლევს გზებს, რომ სამუდამოდ შეუწყვიტოს მას წვდომა ამ სახსრებზე,“ - წერს Bloomberg.

შერჩეული ვარიანტები ფოკუსირებული იქნება იმაზე, თუ როგორ აითვისონ ცენტრალური ბანკის, თითქმის, 300 მლრდ დოლარის რეზერვების ნაწილი, რომელიც ევროკავშირმა, აშშ-მა და სხვა მოკავშირეებმა რუსეთს გაუყინეს. სააგენტოს წყაროს ცნობით, ბრიუსელის ნებისმიერი ქმედება ევროპაში მდებარე აქტივებს შეეხება. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რომელი აქტივები არის გაყინული ევროკავშირში.

ევროკომისარმა იუსტიციის საკითხებში, დიდიე რეინდერსმა ახლახან განაცხადა, რომ გაყინული რეზერვები შესაძლოა, საგარანტიო გირაოდ გადაიქცეს მანამ, ვიდრე რუსეთი ნებაყოფლობით არ მიიღებს მონაწილეობას უკრაინის რეკონსტრუქციაში.

მაისში ევროკომისიამ განაცხადა, რომ წევრმა ქვეყნებმა რუსეთის ცენტრალური ბანკის, დაახლოებით, 23 მლრდ ევროს აქტივები გაყინეს. ოფიციალური ბრიუსელის ცნობით, ეს მაჩვენებელი მას შემდეგ გაიზარდა, თუმცა ზუსტი თანხა არ სახელდება, რადგან შეფასების პროცედურა ჯერ არ დასრულებულა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ