მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგება 32 მლნ ლარით გაიზარდა

2022 წლის მესამე კვარტლის მდგომარეოობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 81 232 218 ლარის წმინდა მოგება მიიღეს. ეს კი 32 065 183 ლარით მეტია, წინა კვარტალთან შედარებით. 2022 წლის მეორე კვარტალში მისო-ების მოგებამ 49 167 035 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2022 წლის მესამე კვარტალში მისო-ების მთლიანი აქტივები შეადგენდა 1,795 მლრდ ლარს, მთლიანი კაპიტალი კი 640,7 მლნ ლარი იყო.

დოკუმენტის მიხედვით, 2022 წლის მესამე კვარტალში მისო-ების მთლიანმა საპროცენტო შემოსავალმა 271,029 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან სექტორმა 246,150 მლნ ლარი მიიღო, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან საპროცენტო შემოსავალმა კი 4,896 მლნ ლარი შეადგინა.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში მისო-ების არასაპროცენტო შემოსავლები 83,890 მლნ ლარი იყო.

ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის მესამე კვარტალში ბაზარზე 37 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა.

ნინი ქეთელაური