სოსო ფხაკაძე - თითოეული ინვესტიცია, რომელსაც ბიზნესი ახორციელებს, პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და დასაქმების მაჩვენებლებზე

საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ თბილისის ეკონომიკური განვითარების რიგით მე-12 ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

ბიზნესასოციაციის ინფორმაციით, ფორუმის მთავარი სადისკუსიო თემები იყო მდგრადი ეკონომიკური აღდგენა, ურბანული განვითარების პერსპექტივები და თანამედროვე ტენდენციები.

აღსანიშნავია, რომ ასოციაციის პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა ადგილობრივი ფორუმის მონაწილეებს და მიმოიხილა არსებული მაკროეკონომიკური ვითარება. მათ შორის, საუბარი შეეხო ბიზნეს სექტორის აქტიურ ჩართულობას ეკონომიკური აღდგენის პროცესში და იმ პროექტებს, რომელსაც სარგებელი მოაქვს ზემოხსენებული მიმართულებით.

ფორუმის ფარგლებში ასოციაციის პრეზიდენტის მიერ ასევე მოხდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის კვლევის მესამე კვარტლის შედეგების პრეზენტაცია, რომელიც მკაფიოდ ასახავს ბიზნესის პოზიტიურ განწყობებს, მოლოდინებს, შესაძლებლობებსა და არსებულ გამოწვევებს.

შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, რომლის ფარგლებში მოხდა მოსაზრებებისა და იდეების მიმოცვლა.

„ამ ტიპის ფორუმები ხელს უწყობს ეკონომიკურ მდგრადობასა და განვითარებას, რაც ცალსახად მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის. ფორუმის ფარგლებში ხდება პირდაპირი კომუნიკაცია იმ რგოლებს შორის, რომლებიც ქმნიან ქვეყნის ეკონომიკურ დოვლათს. ბიზნეს სექტორის ერთ-ერთ უმთავრესი ინტერესია სტაბილური, მდგრადი და პროგნოზირებადი ბიზნეს გარემო, რომელიც თავის მხრივ სარგებელს მოუტანს, როგორც ქვეყანას, ასევე ჩვენს მოსახლეობას, ვინაიდან თითოეული ინვესტიცია, რომელსაც ბიზნესი ახორციელებს პირდაპირ ისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და დასაქმების მაჩვენებლებზე“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.