გასულ წელზე  ნაკლები - რა მოცულობის ციტრუსის მოსავალს ელოდებიან აჭარაში

აჭარაში წელს ციტრუსის მოსავლის შემცირებას ელოდებიან - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა განუცხადა.

ირაკლი ონიანის თქმით, შემცირებული მოსავლის მიზეზი კლიმატური პირობებია.

„წელს, გასულ წელთან შედარებით ნაკლებ მოსავალს ველოდებით. ეს გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზებით, თუმცა დიდწილად ეს კლიმატური პირობებითაა გამოწვეული. გაზაფხულის ბოლოს იყო წვიმა, უკვე ზაფხულში დიდი გვალვები და შედეგად წელს ველოდებით 45 ათას ტონამდე ციტრუსს, რაც გასული წლის მოსავალზე ნაკლებია.

გასულ წელსაც მოსავლის მოცულობა იყო შემცირებული, მაგრამ მაშინ ეს ციტრუსის კულტურისთვის დამახასიათებელ მეწლეურობას (ხილი ან ვაზის ჯიში, რომელიც უხვ ნაყოფს წელიწადგამოშვებით ისხამს) უკავშირდებოდა. წელს კი, სრულად განპირობებულია მეტეოროლოგიური პირობებით“, - ამბობს ირაკლი ონიანიძე.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, ონიანიძის თქმით, „ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ბაზრების დივერსიფიკაციაზე და მთავარი მიზანი და პრიორიტეტი ევროპის ბაზარზე შესვლაა, მაგრამ ამასთან, მნიშვნელოვნად რჩება ტრადიციული ბაზრები. ეს არის პოსტ საბჭოთა სივრცე. ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო ქვეყანა უკრაინა იყო, სადაც ლოჯისტიკური გზა გაძვირებულია. უკვე გავიდა ხურმა, ახალი გზა ასეთია: ბულგარეთი-რუმინეთი და შემდეგ სახმელეთო გზით უკრაინაში. პირდაპირი გზა ომის გამო სამწუხაროდ, აღარ არის. სავარაუდოდ, ამ გზით გავა ციტრუსიც“, - განაცხადა ირაკლი ონიანმა ,,ბიზნესპრესნიუსთან.

ინფორმაციისთვის, აჭარაში ციტრუსის მოსავლის აღება 15 ნოემბრიდან დაიწყება.

2021 წელს კი, საქართველოდან მთლიანად 44 240 ტონა მანდარინი გავიდა, ჯამში 21,489 მლნ დოლარის ღირებულების.

თამარ მუკბანიანი