ვინ არის აფრიკის უმდიდრესი და მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ფერადკანიანი ადამიანი -  ალიკო დანგოტეს გზა მილიარდებისკენ

მაშინ, როცა სხვა კონტინენტებზე უმდიდრესი ადამიანის ვინაობა შესაძლოა, დროდადრო შეიცვალოს, აფრიკის უმდიდრეს ადამიანად 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ერთი და იგივე პირი, ალჰაჯი ალიკო დანგოტე რჩება.

რა არის ამის საიდუმლო და როგორ შეძლო ერთმა კაცმა ზედიზედ 10 წლის განმავლობაში ყველა აფრიკელზე ბევრი ფული გამოემუშავებინა.

ვინ არის ალიკო დანგოტე?

ის აფრიკის უმდიდრესი და მთელ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ფერადკანიანი ადამიანია. დაიბადა ნიგერიის ქალაქ კანოში, 1957 წლის 10 აპრილს, მუჰამედ დანგოტესა და მარია სანუსი დანტატას ოჯახში. შეიძლება ითქვას, რომ ალიკო დანგოტე ფულში დაიბადა და გაიზარდა, რადგან ის დასავლეთ აფრიკაში ერთ დროს ყველაზე მდიდარი ადამიანის, ალჰაჯი ალჰასან დანტატას შვილთაშვილია, რომელიც მიწისა და კოლას თხილით ვაჭრობდა. ალიკო 8 წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა. მას დედის მხრიდან ბაბუა ზრდიდა, რომელიც სამშენებლო მასალების ბიზნესში წარმატებული ტრეიდერი იყო.

ალიკო დანგოტემ საბაზისო, ანუ დაწყებითი და საშუალო განათლება ნიგერიაში მიიღო, სანამ ეგვიპტის ალ-აზჰარის უნივერსიტეტში გაემგზავრებოდა. იქ მან ბიზნესის ადმინისტრირებაში ბაკალავრის ხარისხი მიიღო. გასაკვირი არ არის, რომ წარმატებული მეწარმეების ოჯახში დაბადებული და გაზრდილი ალიკო დანგოტე გამჭრიახი ბიზნესმენი და მეწარმე გახდა, რომელიც აფრიკასა და მთელ მსოფლიოში უახლესი ინოვაციების ავანგარდში დღემდე რჩება.

ის ორჯერ დაქორწინებული და განქორწინებულია. ჰყავს 3 შვილი.

დანგოტეს იმპერიის დაბადება

უნივერსიტეტის დამთავრებიდან მალევე ალიკო მშობლიურ ქალაქ კანოში დაბრუნდა, სადაც ბიძასთან კონსულტაცია გაიარა სესხზე, რომლითაც ცემენტით ვაჭრობას გეგმავდა. როგორც კი ბიძისგან სესხი მიიღო, ის ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე კომერციულ ცენტრ ლაგოსში გადავიდა, სადაც სახსრები ცემენტის იმპორტის ბიზნესის დასაწყებად გამოიყენა. მოგვიანებით ბიზნესი კონგლომერატ Dangote Group-ად გადაიქცა, რომელიც სხვადასხვა ბიზნესსაწარმოებსა და ინვესტიციებს მოიცავს. 1980-90-იან წლებში დანგოტე დივერსიფიკაციას ცდილობდა. მან ფქვილის, შაქრის, ბრინჯის, რძის, თევზის და რკინის ვაჭრობა შეითავსა. მოგვიანებით, 1996 წელს ის ბრაზილიაში გაემგზავრა, რომ წარმოება შეესწავლა, რაც მას თავისი ტრეიდინგული ბიზნესის წარმოებაში გადაზრდის კუთხით დაეხმარა. ალიკო დანგოტემ ადგილობრივი წარმოების ბაზრის საჭიროება დაინახა, რომელიც ქვეყანაში მუდმივად მზარდი მოსახლეობის ფონზე გაჯერებული არ იყო.

მოგზაურობა მილიარდებისკენ

მას შემდეგ, რაც საკმარისი ცოდნა მიიღო, რომ მწარმოებელი გამხდარიყო, ალიკო დანგოტემ, რომელსაც ვაჭრობით უკვე დიდი ფული ჰქონდა გამომუშავებული, 1999 წელს მარილისა და შაქრის გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობა დაიწყო. ეს, თითქოს, საკმარისი არ აღმოჩნდა და იმავე წელს მან წისქვილს, ასევე, ფქვილის ქარხანას ჩაუყარა საფუძველი. მიაღწია რა წარმატებას წარმოების ბიზნესში, მან კიდევ უფრო შორს წასვლა გადაწყვიტა და ნიგერიის მთავრობისგან Benue Cement შეიძინა.

მოგვიანებით მან ობაჯანას ცემენტის ქარხნის ექსპლუატაცია დაიწყო, რომელიც დანგოტეს პირველი ქარხანაა. ის ქვეყნის ჩრდილო-ცენტრალურ რეგიონში, კოგის შტატში მდებარეობს და დანგოტეს ცემენტის ქარხნებიდან ყველაზე დიდია. მისი სიმძლავრე წელიწადში 16,25 მლნ ტონას შეადგენს და ხუთ ხაზზე მუშაობს. ეს ქარხანა ამჟამად ყველაზე დიდი ცემენტის საწარმოა საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნებში. დღეს დანგოტეს იმპერია აფრიკაში ყველაზე დიდია. Dangote Group-ის საჯაროდ მოვაჭრე კომპანიები, Dangote Cement, Dangote Sugar და NASCON Allied Industries ნიგერიის საფონდო ბირჟის ძირითად წილს შეადგენენ.

უახლესი ინვესტიციები: დანგოტეს სასუქების ქარხანა

მიმიდნარე წლის პირველ ნახევარში დანგოტემ მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და მას შემდეგ ფულის გამომუშავება არ შეუწყვეტია. 22 მარტს მან ნიგერიის პრეზიდენტი სასუქების ქარხნის გასახსნელად მიიწვია, რომელიც აფრიკაში გრანულირებული კარბამიდის სასუქის მწარმოებელი უმსხვილესი კომპლექსია. ქარხანა ქვეყნის კომერციულ ცენტრ ლაგოსში, ლეკის თავისუფალ სავაჭრო ზონაში, დაახლოებით, 500 ჰექტარ მიწის ფართობზე არის გაშენებული. მისი მშენებლობა დანგოტეს 2,5 მლრდ დოლარი დაუჯდა.

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, დღეს ალიკო დანგოტეს ქონება 18,6 მლრდ დოლარს შეადგენს. ის ზედიზედ მეთერთმეტე წელია, აფრიკის უმდიდრეს, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ფერადკანიან და მსოფლიოს 65-ე უმდიდრეს ადამიანად რჩება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ