სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტომ“ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გამართა

სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტომ“ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით, დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი ბაკურიანის განვითარების სააგენტოს, როგორც კეთილსაიმედო ადგილობრივი პარტნიორის პოზიციონირებაა რეგიონში.

დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გუშინ, ბაკურიანში, სასტუმრო „კრისტალში“ ჩატარდა.

შეხვედრა ოფიციალური მისასალმებელი სიტყვით გახსნეს სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ თავმჯდომარემ ეკა ორჯონიკიძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა და სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის ოფისის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი მიქელაძემ.

„ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო რამდენიმე პრეზენტაცია არსებული გამოწვევებისა და განვითარების პოტენციური პროექტების შესახებ, რომელთა დასასრულს შეხვედრის მონაწილე დონორმა ორგანიზაციებმა გამოთქვეს სააგენტოს მხარდაჭერის სურვილი დაგეგმილი პროგრამების ფარგლებში.

„დონორი ორგანიზაციების უმეტესობა შეხვედრაზე წინასწარ მომზადებული კონკრეტული შემოთავაზებებით ჩამოვიდა. შეხვედრაზე განიხილეს სინერგიისა და დონორთა ქმედებების კოორდინირების საკითხი ბაკურიანის განვითარების პერსპექტივებთან მიმართებაში, ასევე, საკითხების გადასაჭრელად ქმედითი ნაბიჯები შეათანხმეს.

სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტომ“, რომელიც ხელისუფლების დეცენტრალიზაციის მიმდინარე პოლიტიკის განხორციელების პირველი უპრეცედენტო მაგალითია ქვეყნის მასშტაბით, გადადგა პირველი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ამ შეხვედრის ორგანიზებით. დონორთა საკოორდინაციო შეხვედრამ წარმატებით შეასრულა თავისი მისია და თანამშრომლობის მდგრადი საფუძველი შექმნა ბაკურიანის განვითარების მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია და ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო, USAID - ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, UNDP - გაეროს განვითარების პროგრამა, World Bank - მსოფლიო ბანკი, SDC - შვეიცარიის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, AFD - საფრანგეთის განვითარების სააგენტო, IWAG - ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოში, CIR - ცირკულარული ინიციატივების საგზაო რუკა, საქართველოს კურორტების განვითარების სააგენტო, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსი (Mercy Corps), ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები და USAID-ის („ზრდა“) და UNDP-ის („ენპარდი“) ფართომასშტაბიანი პროგრამების ბენეფიციარები რეგიონში და სხვა მონაწილეები.