საგადასახადო დავების საბჭო სამცხე-ჯავახეთში შეიკრიბა

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მორიგი გასვლითი სხდომა დღეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ქალაქ ახალციხის გადამხდელთა მომსახურების სერვის-ცენტრში გაიმართა. სხდომას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური თავმჯდომარეობდა.

"გადასახადის გადამხდელთა ინტერესების დასაცავად და მათთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მიზნით, ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს საგადასახადო დავების განხილვას რეგიონებში. ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მორიგი გასვლითი სხდომა დღეს მინისტრის, ნოდარ ხადურის თავმჯდომარეობით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ქალაქ ახალციხის გადამხდელთა მომსახურების სერვის-ცენტრში გაიმართა. საბჭოს წევრებმა 10-მდე გადამხდელის საჩივარი განიხილეს", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, საგადასახადო დავების განხილვა რეგიონებში ფინანსთა სამინისტროს პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანიც, დავების განხილვის საბჭოს მუშაობის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელთა ინტერესების დაცვის უზრუნველყოფაა. "აღნიშნული ინიციატივის განხორციელების შედეგად, რეგიონების მაცხოვრებლებს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში შემოტანილი საჩივრების განსახილველად აღარ სჭირდებათ დედაქალაქში ჩამოსვლა, რაც მათ დანახარჯების შემცირებისა და დროის დაზოგვის შესაძლებლობას აძლევს. დავების განხილვის საბჭოს გასვლით სხდომებს ფინანსთა სამინისტრო კონკრეტული რეგიონიდან შემოსული საჩივრების რაოდენობის მიხედვით მართავს", - აღნიშნავენ სამინისტროში.